აშშ-ში ახალი მანქანების 12%-ს ჯერ კიდევ მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს — კვლევა

236 0

არავისთვის აღარ არის საიდუმლო, რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფი სულ უფრო იშვია ხდება, თუმცა ტელეკომპანია CNBC-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, მთლად ასეც არ არის.

ამერიკული საავტომობილო პორტალის, Edmunds-ის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში 327 ახალი მანქანიდან მექანიკური გადაცემათა კოლოფი მხოლოდ 41-ს აქვს. ეს კი ახალი მოდელების დაახლოებით 12 პროცენტს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არც თუ ისე ცუდი რიცხვია, მაინც გაცილებით დაბალია ცხრა წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით. 2011 წელს, მექანიკური გადაცემათა კოლოფი ამერიკაში გაყიდულ ავტომობილთა 37 პროცენტს ჰქონდა.

ასეთი ცვლილება ერთ ღამეში არ მომხდარა; მექანიკური ტრანსმისია ახალ მოდელებში თანდათან გაქრა. 2020 წლის Nissan Frontier მხოლოდ ავტომატურ კოლოფზე გადავიდა, ასეა ახალი Sentra-ს შემთხვევაშიც. Mazda6-მა მექანიკაზე უარი 2019 წელს თქვა და 2020 წელს ასე მოიქცა 2020 Chevrolet Corvette-იც.

რა თქმა უნდა, ზოგიერთი მოდელი მექანიკურ კოლოფს კვლავ ერთგულად ინარჩუნებს. ცოტა ხნის წინ, Cadillac-მა განაცხადა, რომ CT4 და CT5-V Blackwing მხოლოდ მექანიკური გადაცემათა კოლოფით იქნება. მანამდე კი MINI-მ დაადასტურა, რომ მცირე პაუზის შემდეგ, მექანიკა 2021 წლიდან კვლავ დაბრუნდება.

თუმცა, ცოტა არ იყოს მოსაწყენი ტენდენცია მაინც გრძელდება. მექანიკური კოლოფი სულ უფრო იშვიათი ხდება საბაზისო მოდელებში, რომლებიც დაბალი ფასის გამო საკმაოდ გავრცელებულია და სპორტულ მანქანებში. მიზეზები რა თქმა უნდა, სხვადასხვაა; სპორტული მანქანების მოყვარულებს სიჩქარის გადართვა თავად მოსწონთ, იაფ მანქანებში კი მექანიკური კოლოფი დაბალი ფასის შესანარჩუნებლად გამოიყენება.

ეს ყველაფერი უფრო ნათელი ხდება, როდესაც 20 000 დოლარზე ნაკლები ფასის მქონე მანქანებს შეხედავთ. 2020 წლის განახლებული Nissan Versa აღჭურვილია სტანდარტული ხუთსიჩქარიანი მექანიკური კოლოფით, ასეთივეა Chevrolet Spark-იც. ამავე დროს, Honda Fit-ი და Toyota Yaris-ი ოდნავ უკეთეს, ექვსსიჩქარიან კოლოფს გვთავაზობენ.

მაშინ, როდესაც ავტომწარმოებლები სედანების წარმოებას ამცირებენ და კროსოვერებზე გადადიან, სავარაუდოა, რომ მექანიკის პოპულარობა კიდევ უფრო შემცირდება. ამას ემატება ელექტრომობილების სამომავლო ბუმიც.