2020 Audi A3-ს პლასტმასის ბოთლების გადამუშავებით მიღებული მასალისგან დამზადებული სავარძლები ექნება

33 0

მართალია, ხელოვნური ტყავი ავტოინდუსტრიაში უკვე საკმაოდ აქტიურად გამოიყენება, მაგრამ Audi თამაშის წესის ცვლილებას გეგმავს — გადასაკრავ მასალებს კომპანია პლასტმასის ბოთლების გადამუშავების შედეგად მიღებული მასალისგან დაამზადებს.

პირველი მოდელი, რომელშიც ეს მასალა გამოჩნდება, ახალი თაობის A3 იქნება. კომპაქტურ მანქანაში გამოყენებული ტექსტილის 89 პროცენტი პლასტმასის გადამუშავების შედეგად იქნება მიღებული. კომპანიის განცხადებით, ერთი სავარძლისთვის საკმარისი გადასაკრავისათვის საჭირო იქნება 45 ცალი 1,5-ლიტრიანი ბოთლი. რაც შეეხება იატაკის საგებ ნოხს, მას 62 ბოთლი დასჭირდება.

თუმცა, კომპანიის განცხადებით, შეუძლებელია სავარძლების გადასაკრავები მთლიანად გადამუშავებული მასალებისგან დამზადდეს, რადგან პრობლემას ქმნის ქსოვილის ქვედა ფენის მასალა, რომელიც ზედა მასალასთან დაკავშირებულია წებოვანი ნივთიერებებით.

Audi-ს ტექსტილის განყოფილების ხელმძღვანელის, უტე გრონჰაიმის განცხადებით, ისინი აქტიურად მუშაობენ, რათა ეს ფენაც გადამუშავებული პოლიასტერით ჩაანაცვლონ. მისივე თქმით, მათი მიზანია, სავარძლის გადასაკრავები შეურეველი მასალებისგან დამზადდეს, რათა შესაძლებელი იყოს მისი კვლავ გადამუშავება, რისგანაც ისინი არც ისე შორს არიან.

ახალი A3 სავარაუდოდ რამდენიმე თვეში გაეშვება და ხელმისაწვდომი იქნება სამი სხვადასხვა მასალის დიზაინით. პრემიერა 2020 წლის ჟენევის მოტორშოუზე შედგება. მანქანა დაფუძნებული იქნება MQB Evo პლატფორმაზე, რომელიც გათვლილია ელექტრიფიკაციაზე. ექნება ევოლუციური გარე დიზაინი და განახლებული სალონი, ისევე როგორც აღჭურვილობისა და უსაფრთხოების უახლესი სისტემები. ხაზის მოწინავე მოდელები იქნება S3 და RS3 „ცხელი ჰეტჩბეკი“.