Hyundai-მ 2021 წლის Elantra წარმოადგინა — ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცით

19 0

2019 წელს Hyundai Elantra-ს მეტად საკამათო განახლება ჩაუტარდა, თუმცა, კალიფორნიაში წარმოდგენილ ახალ მოდელში კომპანიამ წარსულის კვალის წაშლა სცადა.

2021 წლის Elantra (ზოგიერთ ბაზარზე ერქმევა i30 სედანი, მათ შორის ავსტრალიაშიც; ზოგიერთ ბაზარზე კი Avante, მათ შორის, სამხრეთ კორეაში) ყოველდღიური გამოყენების ოთხკარიანი კუპეა და გამოირჩევა ბრენდის ე. წ. მგრძნობიარე სპორტულობის დიზაინის ენით. წინამორბედთან შედარებით აქვს უფრო ტიპური, არც ისე მომხიბვლელი დიზაინი.

როგორც მოსალოდნელი იყო, მოდელი Sonata-ს კვალს მიჰყვა და მიიღო საკმაოდ ფართო ცხაური. მასში ინტეგრირებულია მოხვევის ციმციმები, რომლებიც კუთხური ფარების გვერდით არის მოთავსებული.

ბასრი წინა ნაწილი გამოირჩევა გრძელი, დამრეცი კაპოტითა და პრიალა ძარით. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ გამორჩეულია სახასიათო ხაზით, რასაც იმეორებს ზემოთა ვრცელი სარტყლის ხაზიც (ჰორიზონტალური ხაზი ძარაზე უშუალოდ გვერდითი ფანჯრების ქვემოთ). უფრო დინამიკურია სახურავი, უკანა ფანჯარას კი Hyundai-მ დაუმატა შავი აქცენტები, რათა უფრო გაეძლიერებინა „კუპეს მსგავსი შესახედაობა“. იქვე ნახავთ ინტეგრირებულ უკანა სპოილერს და გამორჩეულ, H-Tail ტიპის გაბარიტულ ფარებს. 

წინამორბედთან შედარებით, 2021 წლის Elantra არის 56 მილიმეტრით უფრი გრძელი, 25 მმ-ით ფართო და 20 მმ-ით დაბალი. 20 მილიმეტრითა რის გაზრდილი თვლების ბაზაც, რომლის ზომაც ჯამში 2720 მილიმეტრია.

მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ინტერიერი

სალონში დიზაინერებმა შექმნეს ერთგვარი „სამგანზომილებიანი პარკი“, რომელიც მძღოლს გარს აკრავს თვითმფრინავის კაბინასავით. მოდელი საკმაოდ მაღალტექნოლოგიურია, აქვს 10,25-ინჩიანი ციფრულ ხელსაწყოთა დაფა და 10,25-ინჩიანი საინფორმაციო სისტემა, რომელსაც აქვს Android Auto-სა და Apple CarPlay-ს მხარდაჭერა. 

სხვა გამორჩეულ მახასიათებელთა შორის არის მოხდენილი სავენტილაციო ხვრელები, არაერთი სახელური და ყოვლისმომცველი განათების სისტემა 64 სხვადასხვა ფერით. მანქანა ასევე აღჭურვილია სმარტფონის უკაბელო დამტენით, Bose-ის რვადინამიკიანი აუდიოსისტემითა და ციფრული გასაღებით, რომლის საშუალებითაც Elantra-ს გახსნით, დაქოქავთ და სისტემას მართავთ Android სმარტფონით ან NFC ბარათით.

ტექნოლოგიებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს ასევე ისიც, რომ მანქანა აღჭურვილია გაძლიერებული ხმის ამომცნობის სისტემით. მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა პარამეტრის კონტროლი, მათ შორის კლიმატ-კონტროლისა და სავარძლების გათბობის მართვა.

მიუხედავად პრიალა დიზაინისა, ინტერიერის განზომილება მაინც არ არის შეზღუდული, პირიქით — მოდელს აქვს უფრო დიდი სივრცე თავის, ფეხებისა და მხრებისათვის. Ამ მხრივ გაუმჯობესებულია უკანა მგზავრების პოზიციაც, რადგან მათთვის ფეხების სივრცე 58 მილიმეტრს შეადგენს.

ოთხცილინდრიანი ძრავა და სრულიად ახალი ჰიბრიდი

კაპოტს მიღმა მძღოლს დახვდება 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა, რომელიც 147 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და აქვს 179 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი. ის დაკავშირებულია ჭკვიან უსაფეხურო გადაცემათა კოლოფთან, რომელიც არის CVT-ის Hyundai-ს ვარიანტი.

Hyundai-ს განცხადებით, გადაცემათა კოლოფს აქვს ახალი გადართვის კონტროლის სტრატეგია, რომელიც „აუმჯობესებს წრფივობას მძღოლის რესურსს, მანქანის ქცევასა და აჩქარებას შორის“. კომპანიის განცხადებით, ასევე უნდა ველოდოთ საწვავის უკეთეს ეკონომიას.

უდიდესი სიახლეა სრულიად ახალი ჰიბრიდული ვარიანტის დამატება. აღჭურვილია GDI Atkinson-ციკლური 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, ელექტროძრავით და 1,32 კილოვატ-საათიანი ლითიუმ-იონური ბატარეით, რომლის წყებაც უკანა სავარძლის ქვეშ არის განთავსებული. Ჯამში მანქანას 139 ცხენის ძალა  და 264 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი აქვს.

ძრავა დაკავშირებულია ექვსსიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან, რომელიც მოდელს „დინამიკური და მიმზიდველი მართვის გამოცდილებას აძლევს“. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს უკანასკნელი მანქანას საწვავის ეკონომიურობაშიც ეხმარება; ეს მაჩვენებელი 21 კმ/ლ-ს შეადგენს.

ახალი პლატფორმა ახალი მანქანისთვის

2021 წლის Elantra დაფუძნებულია ახალ K3 პლატფორმაზე, რომელიც არის წინამორბედთან შედარებით უფრო მსუბუქი, უსაფრთხო და ძლიერი. ეს ცვლილება უზრუნველყოფს უფრო მოკლე წინა დაკიდებას და დაბალ ცენტრულ გრავიტაციას.

ეს უკანასკნელი კი აუმჯობესებს ექსპლუატაციას და მისი რამდენიმე ცვლილება ფოკუსირებულია იმაზე, რომ Elantra უფრო სახალისო სამართავი იყოს. სხვა ცვლილებებს შორის არის საჭის ოპტიმიზებული სისტემა და საკიდრის ახალი სამონტაჟო სისტემა უფრო რეაგირებადი მართვისთვის.

რაც შეეხება უსაფრთხოების ხაზს, ახალი Elantra-სთვის სტანდარტი იქნება მძღოლის დამხმარე სისტემათა ასორტიმენტი. მათ შორის არის წინა შეჯახების აცილების დამხმარე, ქვეითის დაფიქსირების სისტემა, ზოლის შენარჩუნების დამხმარე, ზოლის მიყოლის დამხმარე, შორი ნათების დამხმარე და უკანა ხედვის კამერა დინამიკური გაიდლაინებით.

მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ უფრო მოწინავე მძღოლის დამხმარე სისტემების შეკვეთა, მათ შორის — ადაპტური კრუიზ-კონტროლი, ბრმა წერტილების შეჯახების ამრიდებელი, უკანა ტრაფიკის შემტყობინებელი და რევერსული პარკირების თავიდან აცილების დამხმარე. 

2021 წლის Hyundai Elantra-ს წარმოება ამ შემოდგომაზე დაიწყება, ბაზარზე კი 2021 წლის მეოთხე კვარტალში გავა.