მიუნხენის ქუჩებში ტესტირებისას 2021 წლის Mini Countryman-ი შენიშნეს

148 0

მიუნხენის ქუჩებში ტესტირებისას კვლავ შენიშნეს განახლებული Mini Countryman-ი; ამჯერად, ფოტოებზე უკეთ ჩანს მისი განახლებული სტილი.

Mini-ს პირველი კროსოვერი 2010 წლიდან გამოდის და სასტიკად სჭირდება განახლებები, რომლითაც ის გვერდით დაუდგება ამ ხაზის დანარჩენ, უფრო ახალ მოდელებს. თვალში მოგხვდებათ განახლებული წინა ფარები და უკანა გაბარიტული ფარები; ამ უკანასკნელს აქვს Union Jack-ის დიზაინი, განახლებული Mini Hatch-ისა და კაბრიოლეტის მსგავსად.

წინა ფარებმა მიიღო ახალი გრაფიკაც; მოსალოდნელია, რომ მომხმარებელს შეეძლება ადაპტური მატრიცული ნაკადის LED ფარების არჩევა. გარდა ამისა, განახლებულ Mini Countryman-ს ასევე ექნება ახალი დიზაინის ბამპერები და ცხაური.

სპორტულ მოდელს ექნება უფრო აგრესიული ბამპერი დამატებითი ჰაერმიმღებებით, კიდეებზე კი სანისლე ფარებით. Countryman-ის მთელი ხაზის ექსტერიერის სხვა განახლებებს შორის არის ახალი დისკები, ფერთა პალიტრა და Mini-ს ორგანოზმილებიანი ლოგოები.

ასეთივე დახვეწილი იქნება განახლებები ინტერიერშიც. მათ შორის აღსანიშნავია საინფორმაციო სისტემის უფრო დიდი ეკრანი, გაუმჯობესებული დაკავშირებადობა და პერსონალიზაციის უფრო მეტი ხელსაწყო.

რაც შეეხება ძრავებს, სავარაუდოდ უნდა ველოდოთ ბენზინის ოთხ ერთეულს, დიზელის სამ ერთეულსა და ერთ plug-in ჰიბრიდს. Countryman One-ს 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ბენზინის ძრავა ექნება 102 ცხენის ძალით, ცოტა ხნის წინ გამოშვებულ John Cooper Works-ს კი 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავა 302 ცხენის ძალით.

ხელუხლებელი დარჩება Cooper S E Countryman ALL4 plug-in ჰიბრიდი, რადგან Mini-მ ის ცოტა ხნის წინ განაახლა 9,6-კილოვატ-საათიანი ბატარეებით. როგორც ადრე, Cooper, Cooper S, Cooper D და Cooper SD მოდელები წარმოდგენილი იქნება ოთხივე წამყვანი თვლის სისტემით (AWD).
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განახლებული Mini Countryman-ის, როგორც 2021 წლის მოდელის დებიუტი 2020 წლის შუა თვეებში შედგება.