მონაკოს გრანპრის რბოლაში McLaren-ის გუნდმა Gulf-ის ფერებში გაფორმებული ბოლიდებით იასპარეზა

392 0

2021 წლის ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე რბოლა, მონტე-კარლოში გამართული მონაკოს გრანპრი Red Bull-ის სახელით მოასპარეზე ნიდერლანდელმა მრბოლელმა მაქს ვერსტაპენმა მოიგო.

შეჯიბრში მეორე ადგილზე Ferrari-ს კარლოს საინს უმცროსი გავიდა, მესამე ადგილი კი McLaren-ის ლანდო ნორისმა დაიკავა.

რბოლა წარუმატებელი აღმოჩნდა McLaren-ის გუნდში მოასპარეზე დანიელ რიკარდოსთვის; როგორც წესი, მონაკოს გრანპრი მისი ფავორიტია, მაგრამ წელს მას აშკარად არ გაუმართლა. რიკარდოს მონაკო ოთხჯერ აქვს მოგებული, თუმცა წელს ის მე-12 ადგილზე აღმოჩნდა.

McLaren-ისა და Gulf-ის ისტორიული თანამშრომლობის აღსანიშნავად, ნორისმა და რიკარდომ Gulf-ის ლეგენდარული ლურჯ-ნარინჯისფერში გაფორმებული ბოლიდებით მიიღეს მონაწილეობა. გალფის ფერებში იყო მათი კოსტიუმებიც.

„არ ვიცი, რა ვთქვა, ვერც ვიფიქრებდი, რომ დღეს აქ ვიქნებოდი. მონაკოში საპრიზო ადგილზე გასვლა ყოველთვის ჩემი ოცნებაა და ეს რბოლა ჩემთვის ზედმეტად გამორჩეულია“, — აღნიშნა ნორისმა ასპარეზობის შემდეგ.

ნორისის წარმატებით გახარებული იყო დანიელ რიკარდოც, მაგრამ McLaren-ის ავსტრალიელმა მრბოლელმა იქვე აღიარა, რომ საკუთარმა წარუმატებლობამ მას თავზარი დასცა, რადგან ამ ღონისძიებაზე ის ყოველთვის ძლიერად ასპარეზობდა.

McLaren-ის გუნდის სტრატეგიულ პარტნიორად Gulf Oil-ი 2020 წლის ივლისში დაბრუნდა; მათი ურთიერთობა პირველად 1960-იან წლებში, ბრიუს მაკლარენის სამოსში აისახა.

Gulf-ის ფერებითა და ფორმით გამორჩეულად ასპარეზობდნენ Ford-ისა და Porsche-ს სპორტული მანქანები. ამ სახელგანთქმული ფერებით McLaren-ი 1997 წელს ლე-მანზე მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ Gulf-ის ფერები მონაკოში F1-ზე მან წელს პირველად გამოიყენა.