Nissan-მა 2021 წლის Kicks-ი წარმოადგინა — ახალი დიზაინი და მეტი ტექნოლოგია

500 0

თიზერების დაუსრულებელი კამპანიის შემდეგ, Nissan-მა აშშ-ის ბაზრისთვის განკუთვნილი Kicks-ი წარმოადგინა.

2021 წლის Kicks-ი წინამორბედზე უკეთესად გამოიყურება და აქვს ახალი წინა ბამპერის საფარი ორმაგი V-ს ფორმის ცხაურით, რომელსაც აქეთ-იქიდან LED ფარები ამშვენებს. საწყისი დონის ქროსოვერს ასევე აქვს სპორტული ჰაერმიმღებები და ახალი LED სანისლე ფარები.

სხვა ცვლილება არც ისე ბევრია, მაგრამ შენიშნავთ ახალ უკანა ბამპერსა და LED გაბარიტულ ფარებს. მოდელს ასევე აქვს განახლებული დისკები და ფერები.

სალონში განახლებულია გადასაკრავები და სხვა აქსესუარები. მძღოლის საინფორმაციო სისტემის 7-ინჩიან დისპლეის USB Type-C პორტი აქვს, SV და SR მოდიფიკაციის მოდელები კი 8-ინჩიანი საინფორმაციო სისტემით არის აღჭურვილი. სხვა გამორჩეულ მახასიათებლებს შორის არის Android Auto და Apple CarPlay სისტემები, არჩევის შემთხვევაში Bose-ის აუდიოსისტემა და გარშემო ხედვის ჭკვიანი მონიტორი. SV და SR მოდიფიკაციეს მკლავის დასადებთან აქვთ ცენტრალური კონსოლიც.

საერთაშორისო ვერსიები e-Power ძალური აგრეგატით არის აღჭურვილი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ისთვის განკუთვნილი Kicks-ი 2000-იან წლებში ჩარჩა, რადგან აქვს 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა 122 ცხენის ძალით. ის დაკავშირებულია Xtronic უსაფეხურო გადაცემათა კოლოფთან, რომელიც ენერგიას მხოლოდ წინა თვლებს აწვდის.

რაც შეეხება წვის მაჩვენებლებს, ქალაქში 13 კმ ლიტრზე, ავტომაგისტრალზე 15 კმ ლიტრზე, კომბინირებულად კი 14 კმ ლიტრზე. Nissan-ის განცხადებით, ზოგადად გაუმჯობესებულია მართვის გამოცდილება, რადგან მანქანას აქვს უკანა დისკების მუხრუჭები და ჭკვიანი კრუიზ-კონტროლის სისტემა.

2021 წლის Kicks-ი ბაზარზე თებერვლიდან გავა და ფასი სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი, რომელიც 19 070 დოლარი ღირდა.