2018 წელს, კანადელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს პორტატული მოწყობილობა, რომელიც ხელოვნური კანის ფურცლებს პირდაპირ პაციენტის ჭრილობებზე ან დამწვარ ადგილებზე „ბეჭდავს“.
„ეს გახლავთ წებოვანი ლენტის დასაკრავი მოწყობილობის ანალოგი, რომელშიც წებოვანი ლენტის ხვეულის ნაცვლად მოთავსებულია მიკრომოწყობილობა, რომელიც კანის ქსოვილის ლენტებს აკრავს“, — ამბობდა მაშინ მკვლევარი ალექს გიუნტერი.
რამდენიმე დღის წინ, მკვლევართა ჯგუფმა ამ მოწყობილობის ღორებზე გატესტვის იმედისმომცემი შედეგები წარმოადგინა, რითაც ის ერთი ნაბიჯით უფრო მიაახლოვა დამწვრობის კლინიკებში გამოყენებასთან.
მძიმე დამწვრობების სამკურნალოდ მეცნიერებს ამჟამად რამდენიმე მეთოდი აქვთ. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია კანის გადანერგვა, რაც მოითხოვს დაზიანებული ქსოვილის მოცილებას და სხეულის სხვა ნაწილიდან აღებული ჯანმრთელი კანით ჩანაცვლებას.
თუმცა, ზოგჯერ გადანერგვა უშედეგოა.
„იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს მძიმე, სრული სისქის დამწვრობა აქვს, რაც ანადგურებს კანის როგორც ზედა, ისე ქვედა ფენებს, აღარ რჩება გამოსაყენებლად საკმარისი ოდენობის ჯანმრთელი კანი“, — განმარტავს გიუნტერი პრესრელიზში.
დამწვრობის სამკურნალო კიდევ ერთი ალტერნატიული საშუალებაა კოლაგენის კონსტრუქციები და კანის ინ-ვიტრო შემცვლელები, რომლებსაც საკუთარი უარყოფითი მხარეები გააჩნიათ. სწორედ აქ შეიძლება გახდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახალი მოწყობილობა, რომელიც ახალ კანს პირდაპირ დამწვრობის ზონაზე ბეჭდავს.
ჯგუფის მიერ შექმნილი მოწყობილობა სრულიად გამორიცხავს გადანერგვას და ამის ნაცვლად, პირდაპირ იარაზე ახდენს სპეციალური ბიომელნის დეპონირებას. ეს ბიომელანი შეიცავს შეხორცებისთვის საჭირო ცილებსა და მეზენქიმურ სტრომულ (საფენ) უჯრედებს, რომლებიც ეხმარება ორგანიზმის იმუნურ სისტემას პროვოცირებას უწევს ახალი უჯრედების ზრდას.
ახალი ცდებისას, ჯგუფმა მოწყობილობა ღორების სრული სისქის დამწვრობაზე გატესტა; შედეგები ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.
„აღმოვაჩინეთ, რომ მოწყობილობამ წარმატებით შეასრულა „კანის ფურცლების“ ერთფეროვნად დეპონირება დამწვრობაზე, თანაც უსაფრთხოდ და საიმედოდ. ფურცლები ადგილზე დარჩა, შეინიშნა მხოლოდ მცირედი გადაადგილება“, — აღნიშნულია პრესრელიზში.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ როგორც შედეგებმა აჩვენა, ნამკურნალები დაზიანებები საოცრად კარგად აღდგა. თანაც, კოლაგენით მკურნალობასთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია ანთებები, ნაწიბურები და კანის დაჭიმვა“, — ამბობენ მკვლევრები.