ABS-მა აანთო – რას ნიშნავს და როგორ მოვიქცეთ?

მაჩვენებელთა დაფაზე ABS-ის ნიშანი აინთო და ლოგიკურია, გაინტერესებთ, რას ნიშნავს და რა შეიძლება მოჰყვეს ამას. სულაც არ არის გასაკვირი, რადგან თქვენი მანქანის ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭო სისტემას შეიძლება სერიოზული ხარვეზი ჰქონდეს, რამაც შესაძლოა, ძლიერი გავლენა იქონიოს დამუხრუჭების ხარისხზე, განსაკუთრებით კი ცუდ ამინდსა და ყინვაში.

რა არის ABS-ის ფუნქცია?

ABS-ი, ანუ ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭო სისტემა ზუსტად იმას აკეთებს, რაც ამ წინადადებაში წერია; უზრუნველყოფს, რომ მანქანის თვალი ძლიერი მუხრუჭისას არ დაიბლოკოს, შესაბამისად, გინარჩუნებთ მეტ კონტროლს და ამცირებს მანქანის მოსრიალების შანსებს.

როდესაც შეჯახების თავიდან აცილების მიზნით ძლიერად ამუხრუჭებთ, თქვენი მანქანის თითოეული ბორბლის სენსორები შეტყობინებებს უგზავნის ძრავის მართვის ბლოკს, იგივე ECU-ს, რომელიც განსაზღვრავს, რომელი თვალი შეიძლება დაიბლოკოს და მოსრიალდეს. ამის შემდეგ, მანქანის ECU ბიძგებით აჩერებს თითოეული საბურავის მუხრუჭს, რათა არ მოხდეს მათი დაბლოკვა და ამით მანქანაზე კონტროლს გინარჩუნებთ.

როდესაც მანქანას ქოქავთ, ABS-ის ნიშანი ავტომატურად ინთება. ამის მიზეზი ის არის, რომ თქვენი მანქანა ყოველი დაქოქვისას ამოწმებს ABS სისტემას; თუ პრობლემა ვერ იპოვა, ნიშანი მალევე ქრება. მაგრამ თუ ანთებული დარჩა, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენს ABS სისტემას რაღაც პრობლემა აქვს.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ABS ნიშნის ანთება?

ABS ნიშნის ანთება ბევრმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ არსებობს გარკვეული მეთოდები, რომლითაც შეგიძლიათ ზოგიერთი ეს პრობლემა ამოიცნოთ.

პირველ რიგში შეამოწმეთ სამუხრუჭო სითხის რეზერვუარი, რათა დარწმუნდეთ, რომ მისი დონე ზედმეტად დაბალი არ არის, რადგან ABS-ის გამაფრთხილებელი ნიშანი შეიძლება მაშინაც აინთოს, თუ სამუხრუჭო სითხის დონე დაბალია. თუ აღმოაჩენთ, რომ პრობლემა აშკარად ამაშია, აუცილებლად ჩაამატეთ სითხე და ნიშანიც ჩაქრება.

მაგრამ თუ გამაფრთხილებელი ნიშანი მაინც არ ჩაქრა, უკვე აშკარაა, რომ საქმე ეხება გაცილებით სერიოზულ პრობლემას, რომელიც შეიძლება თავად ვერ მოაგვაროთ. შეიძლება პრობლემა ერთი ან მეტი ბორბლის სენსორში იყოს, რომლებიც ინფორმაციას ძრავის მართვის ბლოკს (ECU) უგზავნიან; სენსორები შეიძლება დაზიანებული იყოს. ამის გამო, ისინი შეიძლება ECU-ს ნორმიდან გადახრილ სიგნალებს აწვდიდნენ, ანდაც საერთოდ არ აწვდიდნენ, რასაც ECU უკვე ABS-ის ხარვეზად აღიქვამს.

ABS-ის გამაფრთხილებელი ნიშანი ასევე შეიძლება აინთოს სამუხრუჭე სისტემაში წნევის დავარდნის გამო, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სამუხრუჭო სითხის რეზერვუარის ან სამუხრუჭო მილსადენების ბზარებით და ნახეთქებით. ამ პრობლემებს ადვილად გამოავლენს ტესტები და შეაკეთებს გამოცდილი ტექნიკოსი.

რა უნდა გააკეთოთ, როდესაც ABS ნიშანი აინთება?

თუ ABS-ის ნიშანი ინდივიდუალურად აინთო, დანიშნულების ადგილამდე შეგიძლიათ თავისუფლად განაგრძოთ სვლა, რადგან ჩვეულებრივი მუხრუჭები მაინც იმუშავებს. მაგრამ რა თქმა უნდა, გაცილებით ფრთხილად უნდა იყოთ, თუ ABS-ი გადაუდებელ შემთხვევაში არ იმუშავებს. ასეთ დროს რაც შეიძლება სწრაფად უნდა წაიყვანოთ მანქანა უახლოეს პროფილაქტიკაში, სადაც შესაბამისი ტესტის საფუძველზე ხარვეზის მიზეზს დაადგენენ.

გახსოვდეთ, რომ თუ ABS-ისა და მუხრუჭების ნიშნები ერთდროულად აინთო, ეს გაცილებით სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს და მანქანა დაუყოვნებლივ უნდა გააჩეროთ. ამ შემთხვევაში, გადაიყვანეთ მანქანა განაპირა ზოლში, ძალიან ფრთხილად იყავით მუხრუჭებთან და სიჩქარე თანდათანობით დააგდეთ. მას შემდეგ, რაც ავტომობილს უსაფრთხო ადგილას გააჩერებთ და ძრავს გამორთავთ, უკვე შეგიძლიათ ტექნიკოსი მოიყვანოთ ან მანქანა გადაიყვანოთ სახელოსნოში.