ბატარეების დეფიციტის გამო, Audi-მ e-tron-ის წარმოება დროებით შეაჩერა

110 0

რამდენიმე დღის წინ Audi-მ მომავალი e-tron S-ის თიზერები წარმოადგინა, მაგრამ ცნობილი ხდება, რომ ავტომწარმოებელმა სრულიად ჩუმად შეაჩერა სტანდარტული მოდელის წარმოება.

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, წარმოება 20 თებერვალს შეჩერდა, რადგან შეიქმნა ბატარეების მიწოდების პრობლემა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს წარმოება სხვა კომპანიებმაც შეაჩერეს, მაგრამ როგორც ჩანს, ამის მიზეზი ნამდვილად არ არის ახალი კორონავირუსი, რომელმაც ავტოინდუსტრიას შოკური ტალღის მსგავსად გადაუარა.

Audi-ს პრობლემა გაცილებით მცირეა და რამდენიმე დღეში აღდგება. შარშან ზაფხულს Audi-მ პოტენციური აალების რისკის კამო უკან გაიწვია 1644 ერთეული e-tron-ი. მართალია, არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ კომპანიამ დაადგინა, რომ ბატარეის განყოფილებაში შესაძლოა სინესტემ შეჟონოს და მოკლე ჩართვა გამოიწვიოს.

გარდა უკან გაწვევისა, e-tron-ი არც გაყიდვების დიდი წარმატებით გამოირჩეოდა. კომპანიამ შარშან დაახლოებით 26 400 ერთეული გაყიდა, რაც საგრძნობლად ჩამორჩება Tesla-ს გაყიდვებს. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ e-tron-ი ჯერ კიდევ ახალი მოდელია და Audi-მ შარშან მხოლოდ საწყისი დონის მოდელი და Sportback ვარიანტი გამოუშვა. ავტომწარმოებელმა ასევე გააუმჯობესა e-tron 55 Quattro, რომლის გარბენის მანძილიც 25 კილომეტრით გაზარდა.

კომპანიის გულშემატკივართა დიდი ნაწილი მომავალ S მოდელს ელოდება. ის ხელმისაწვდომი იქნება სტანდარტულ და Sportback ვარიანტებად და ექნება სამი ელექტროძრავა, რომელთა სიმძლავრეც ჯამში 496 ცხენის ძალა იქნება. შედეგად, კროსოვერი 100 კმ/სთ-ს 4,5 წამში განავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 210 კმ/სთ იქნება.