ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, ბარსელონაში ძველი მანქანების გადაადგილება აიკრძალა

131 0

ახალი წლის პირველი დღე ბარსელონას ბევრი მცხოვრებისთვის ცუდად დაიწყო — ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქუჩების უმეტესობაში ძველი მანქანების გადაადგილება აკრძალა.

2000 წელზე ადრე გამოშვებული ბენზინის და 2006 წლამდე რეგისტრირებული დიზელის მოდელებს განსაზღვრულ 59,5 კვადრატულ კილომეტრიან ზონაში შესვლა აეკრძალათ. ქალაქის მთლიანი ფართობი 102 კვადრატული კილომეტრია.

შეზღუდვა ვრცელდება სამუშაო დღეებში, დილის 7:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე; კანონდარღვევისთვის ჯარიმა 100-150 ევროს შეადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთმა მძღოლმა შეიძლება აკრძალვის შესახებ ჯერ არ იცოდეს, 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ გაფრთხილება. მანქანებს კამერები გააკონტროლებს, რისთვისაც აღნიშნულ ზონაში ახლახან 150 კამერა დაამონტაჟეს.

ერთი წლის განმავლობაში ჯარიმა არ შეეხება კურიერ მძღოლებს და მათ, ვინც დაამტკიცებს, რომ წელიწადში 8000 ევროზე ნაკლები შემოსავალი აქვს. დასავლეთ ევროპის ქვეყნებს გარეთ რეგისტრირებული მანქანების მფლობელებმა კი ქალაქში გადაადგილებისათვის ნებართვა ბარსელონის მერიისგან უნდა მიიღონ.

მერიის განცხადებით, აკრძალვა შეეხება დაახლოებით ყოველდღიურად 50 000 ავტომობილს და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება მომავალ წელს, როცა დაბალი გამონაბოლქვის ზონაში შესვლა აეკრძალება ძველ სატვირთოებს, ფურგონებსა და ავტობუსებს.

2002 წლის შემდეგ, ბარსელონა ევროკავშირის მიერ დადგენილ აზოტის ოქსიდის გამონაბოლქვის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2010-2017 წლებში დაბინძურებულმა ჰაერმა 424 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.