მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე შავი მასალა შექმნეს

84 0

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრებმა შექმნეს მასალა, რომელიც მასზე დაცემული სინათლის 99.995 პროცენტს შთანთქავს. ამ მაჩვენებლით ის უფრო შავია, ვიდრე Surrey NanoSystems-ის მიერ შექმნილი Vantablack-ი, რომელიც სინათლის 99.965-ს შთანთქავს.

ახალი სუპერშავი მასალის მიერ სინათლის ძლიერ შთანთქმის უნარზე მეტად უფრო საყურადღებო მახასიათებელი ის არის, რომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჯგუფმა ის შემთხვევით აღმოაჩინა.

ელექტროგამტარი მასალების ძირითადი თვისებების გაძლიერების მცდელობისას, მკვლევართა ჯგუფმა ალუმინს ოქსიდის (ჟანგის) ფენა მოხსნა და მასზე ნანომილაკების გაზრდა დაიწყო.

„მახსოვს, შევნიშნე, როგორი შავი იყო ის, ვიდრე მასზე ნახშირბადის ნანომილაკაები გაიზრდებოდა, მაგრამ ამ პროცესის შემდეგ, ის უფრო ბნელი გახდა. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე, გამეზომა ამ ნიმუშის არეკვლის მაჩვენებელი“, — ამბობს მკვლევარი კეჰანგ კუი.

სწორედ ამის შემდეგ მიხვდა ჯგუფი, რომ მათ მსოფლიოში ამ დრომდე ყველაზე შავი მასალა შექმნეს.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრები დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ხელოვან დიემატ სტრიბს და შესთავაზეს, რომ ამ მასალით დაეფარათ 2$ მილიონად ღირებული მისი ალმასი, რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე უნდა გამოიფინოს.

თუმცა, ამ მასალას შეიძლება ხელოვნების მიღმაც ბევრი გამოყენება ჰქონდეს. მაგალითად, დაეხმაროს ასტრონომებს ტელესკოპებში შეამცირონ არასასურველი სიკაშკაშე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მასალა ამჟამად დედამიწაზე ყველაზე შავია, მკვლევარი ბრაიან ვარდლი ფიქრობს, რომ ამ ტიტულს ის დიდხანს ვერ შეინარჩუნებს.

„ვფიქრობ, უშავესი მასალის შექმნის პროცესი მუდმივად გრძელდება. ვიღაც აუცილებლად იპოვის კიდევ უფრო შავი მასალის შექმნის გზას და საბოლოოდ შევძლებთ უსასრულოდ შავი მასალის შექმნას, რაც ამ სფეროში ბოლო გაჩერება იქნება“.