BMW-ს თანამშრომელს მიუნხენში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, 150 სხვა თანამშრომელი კარანტინში მოათავსეს

128 0

ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ გერმანიაში 159-ს მიაღწია.

ახლად დაინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი BMW-ს თანამშრომელია, რომელიც მიუნხენში, ავტომწარმოებლის კვლევისა და ინოვაციების ცენტრში (FIZ) მუშაობს. გამოცემა Automobilwoche-ს ცნობით, მამაკაცს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას BMW-ს პრესსპიკერი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მათ თანამშრომელს არსად უმოგზაურია. მისი თქმით, ვირუსის დადასტურების შემდეგ, მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს. მდგომარეობის გათვალისწინებით, ის თავს კარგად გრძნობს.

გერმანული ავტომწარმოებლის კვლევისა და ინოვაციების ცენტრის 150 თანამშრომელი, რომლებსაც დაინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, ახლა სახლებში გადიან ორ კვირიან კარანტინს; სწორედ ამდენი ხანი სჭირდება ვირუსს ინკუბაციისთვის. კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, მიმდინარეობს ოფისების დეზინფექცია. მიუხედავად ამ არც თუ ისე სასიამოვნო შემთხვევისა, BMW აცხადებს, რომ ოპერირებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გააგრძელებს.

ახალმა კორონავირუსმა უკვე დიდი დარტყმა მიაყენა აზიურ ავტომწარმოებლებს. ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ, რაც ერთ თანამშრომელს ვირუსი დაუდასტურდა, Hyundai-მ დახურა სამხრეთ კორეის ქალაქ ულსანში არსებული ქარხანა. ბევრი ქარხანა გაჩერდა ან წარმოება შეამცირა ჩინეთშიც; ამავე დროს, ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მსოფლიოს ყველაზე დიდ საავტომობილო ბაზარზე შემცირდა მანქანების გაყიდვებიც. ამავე მიზეზით გაუქმდა ისეთი დიდი ღონისძიებებიც, როგორებიცაა ჟენევისა და პეკინის ავტოშოუები.