სუპერკომფორტული საცხოვრებელი მისაბმელი, რომელიც კორონავირუსს ცოტა ხნით დაგავიწყებთ

ამჟამად ცხოვრება უპრეცედენტო პერიოდში გვიწევს, როდესაც მსოფლიოს დიდი ნაწილი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დახურულია ან მალე დაიხურება.

ასეთ დროს საცხოვრებელი მისაბმელი ალბათ სულაც არ არის თქვენი პრიორიტეტების სიაში, მაგრამ წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ასეთ საცხოვრებელ ფურგონს, რომელიც ამჟამინდელ კრიზის თუნდაც ხუთი წუთით მაინც დაგავიწყებთ.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა Bruder EXP-6 GT, აგარაკ-მისაბმელი, რომლის წაყვანაც ყველგან შეგიძლიათ; ის ისეა დაპროექტებული, რომ მანქანას მისი ჩაბმა და წაღება საკმაოდ ადვილად შეუძლია. EXP-6 GT ავსტრალიურმა კომპანიამ შექმნა, აქვს უზარმაზარი საგზაო ღრეჩო (მანძილი გზის ზედაპირსა და მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველაზე დაბლა განლაგებულ ნაწილს შორის) და შესაბამისად, შეუძლია საკმაოდ რთულ რელიეფზე სიარული.

მისაბმელს ასევე აქვს ინდივიდუალურად მორგებადი მრავალბერკეტიანი პნევმატური საკიდარი და მყარი ძარა, რომელიც საკმაოდ ღრმა ორმოებსაც კარგად ართმევს თავს. გარდა ამისა, სალონი წყალგაუმტარია და შეუძლია ტივტივიც.

ეს ჯერ ყველაფერი არ არის. მისაბმელს აქვს საკუთარი ჯალამბარი და ფოლადის ტროსი, რომელსაც სადმე ჩაფლობის შემთხვევაში საკუთარი თავის ამოსაყვანად იყენებს. ბაზარზე დღეს მრავალი ოფროუდ მისაბმელია, მაგრამ EXP-6 GT გამორჩეულია თავისი ზომით. საცხოვრებელი მისაბმელების უმეტესობა საკმაოდ პატარაა, EXP-6 GT კი სიგრძეში 6,7 მეტრია და მომხმარებელს ყველა იმ პირობას სთავაზობს, რაც ამ ზომის მისაბმელში შეიძლება ჩაეტიოს.

მათ შორის არის გაფართოებადი სახურავი, რაც მთავარ საძინებელს უფრო მეტ სივრცეს სძენს; ორი გრძივი დივანი, რომელთა გამოყენება საწოლებადაც არის შესაძლებელი; სამზარეულო ზონა, რომელიც ისეა დაპროექტებული, რომ გამოყენება შესაძლებელია მისაბმელის შიგნიდანაც და გარედანაც; სააბაზანო, პატარა სარეცხი მანქანა; გარე საშხაპე; მზის ენერგიის სისტემა; 170-ლიტრიანი წყლის ავზი; 225 ამპერ-საათიანი ლითიუმის ბატარეა და ა. შ.

თუმცა, სიამოვნება ყოველთვის ძვირი ღირს. ამ გასაოცარი საცხოვრებელი მისაბმელის ფასი 100 000 დოლარიდან იწყება.