მეცნიერებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომლითაც თვითმართვადი მანქანა გზის ზედაპირქვეშაც ხედავს

25 0

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი მუშაობს თვითმართვად ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც მანქანა გზის ზედაპირზე 3 მეტრის სიღრმეშიც „დაინახავს“. ტექნოლოგიის მიზანია თვითმართვადმა ავტომობილმა განსაზღვროს თუ ზუსტად სად იმყოფება, განსაკუთრებით თოვის, ძლიერი ნისლის ან ცუდი ხილვადობის დროს, როდესაც საგზაო ნიშნები არ ჩანს.

ამჟამინდელი თაობის თვითმართვადი მანქანები გზებზე ადგილმდებარეობის განსაზღვრისას ძირითადად დამოკიდებულია კამერებსა და სინათლის დაფიქსირების სენსორებზე (LIDAR). მაგრამ როცა თოვა იწყება და საგზაო ნიშნებსა და ხაზებს თოვლი ფარავს, შესაძლოა, გაძნელდეს იმის გარკვევა, თუ სად იმყოფებით; ამან კი შეიძლება ავტოკატასტროფაც გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაღალი სიჩქარის მაგისტრალებზე.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კომპიუტერულ მეცნიერებათა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის მკვლევართა ჯგუფმა შექმნა ახალი სისტემა, რომელსაც „მიწაში შეღწევის ლოკალიზებული რადარი“ (LGPR) უწოდეს; ის რეალურ დროში ქმნის გზის მიწისქვეშა რუკას.

„თუ ნიჩაბს აიღებთ და გზას ამოთხრით, იქ მხოლოდ მიწა დაგხვდებათ, მაგრამ LGPR-ს შეუძლია გამოავლინოს მასში არსებული კონკრეტული ელემენტები და შეადაროს უკვე არსებულ რუკას, შედეგად კი კამერებისა და ლაზერების საჭიროების გარეშე გაარკვევს, თუ ზუსტად სად იმყოფება მანქანა“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე მეცნიერი.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოში მკვლევართა ჯგუფი გვაჩვენებს, როგორ მუშაობს ტექნოლოგია თოვლით დაფარულ გზაზე.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგია საპარკინგე გარაჟშიც მუშაობს, რისთვისაც ამ სივრცის ზედაპირქვეშ არსებულ ლითონებსა და ბეტონს იყენებს.

ამ ეტაპზე ჯგუფი თავის გამოგონების ზომების შემცირებაზე მუშაობს, რათა შესაძლებელი გახდეს ავტომობილებში გადატანა.