Continental-ი და Sennheiser-ი მანქანის უდინამიკო აუდიოსისტემას ქმნიან

28 0

Continental-მა და Sennheiser-მა ძალები გააერთიანეს, რათა შექმნან მანქანის რევოლუციური აუდიოსისტემა, რომელიც დინამიკებს არ გამოიყენებს.

სისტემა, სახელად Ac2ated Sound შთაგონებას სიმებიანი ინსტრუმენტებიდან იღებს, რომლებიც ხის სხეულს რეზონანსის კამერად იყენებენ.

მსგავსება აქ მთავრდება, რადგან მაღალტექნოლოგიურ აუდიოსისტემას აქვს სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ამძრავები, რომლებიც მანქანის ზედაპირზე „არსებობს“. სპეციალური შემაკავშირებელი ტექნოლოგიის წყალობით, ხმის ტალღები გადაეცემა შიდა პანელებს, რომლებიც მას შემდეგ კაბინაში გზავნიან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიის არსის ახსნა საკმაოდ ძნელია, კომპანიები აღნიშნავენ, რომ სისტემას აქვს წარმოუდგენლად ბუნებრივი ხმა, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას შეგიქმნით, თითქოს საკონცეტრო დარბაზში იჯდეთ. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ხმა ბუნებრივის მსგავსია და მომცველი, რაც მგზავრებს წარმოუდგენლად დეტალური და ცოცხალი ხმის საბურველში ახვევს.

სისტემა არსებითად ინოვაციაა, მაგრამ აქვს სხვა ბენეფიტებიც. Ac2ated Sound-ის წონა გაცილებით დაბალია ტრადიციულ აუდიოსისტემებთან შედარებით, რომლებიც ხშირად 40 კგ-ს იწონის. გარდა ამისა, იმის გამო, რომ სისტემა სალონის უკვე არსებულ ზედაპირს იყენებს, არის 75-90 პროცენტით უფრო პატარა, ვიდრე ჩვეულებრივი აუდიოსისტემები. როგორც Continental-ი აღნიშნავს, ამ ყველაფრის გამო, Ac2ated Sound სისტემა უბრალოდ ბრწყინვალეა ელექტრომობილებისათვის, სადაც სივრცისა და წონის დაზოგვას უმაღლესი პრიორიტეტი ენიჭება.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სისტემა ავტომწარმოებლებს მეტ თავისუფლებას აძლევს ინტერიერის დიზაინში. როგორც კომპანიები აღნიშნავენ, ამძრავების მოთავსება შესაძლებელია როგორც კარზე, ისე სახურავზე, წინა დგარში, უკანა თაროსა თუ ხელსაწყოთა პანელზე.

ჯერ არაფერია ცნობილი, როდის დაიწყება უდინამიკო აუდიოსისტემის წარმოება, მაგრამ იმედია, ამისათვის დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდება.