კორონავირუსი და ევროპული ავტოინდუსტრია

24 0

ევროპული ავტომწარმოებლები უარყოფდნენ მოლოდინს, რომ მიწოდების ჯაჭვში არსებული ქაოსი მათ საწარმოებზე დიდ გავლენას მოახდენდა.

მას შემდეგაც კი, რაც ნაწილების წარმოების გლობალური ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძის, ჩრდილოეთ იტალიის იზოლაცია გამოცხადდა, ისეთი ავტომწარმოებლები, როგორებიცაა BMW, Daimler-ი, Fiat-ი, Peugeot და Volkswagen-ი აცხადებდნენ, რომ წარმოება მაინც ნორმალური იყო.

უცნობია, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს სიტუაცია ასე, რადგან კორონავირუსი არაპროგნოზირებადი გზებით ახდენს გამანადგურებელ გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაზე. ავტომწარმოებლები მოვლენათა განვითარებას მღელვარებით აკვირდებიან.

თუმცა, როგორც ამ ეტაპზე ჩანს, ავტომწარმოებელთა უდიდესი პრობლემა ახლა არის არა ის, შეძლებენ თუ არა მანქანების წარმოებას, არამედ მოახერხებენ თუ არა მათ გაყიდვას.

ვირუსის თავდაპირველმა გავრცელებამ გაყიდვების კოლაფსი გამოიწვია ჩინეთში, მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე. მაგალითად, თებერვალში Porsche იძულებული გახდა, ჩინეთში დაეკეტა ყველა სადილერო პუნქტი. ავტომწარმოებელთა უმეტესობამ ჩინეთში განთავსებული ქარხნები როგორც მინიმუმ, დროებით დახურეს.

ვირუსის გავრცელებამ ევროპასა და აშშ-ში უკვე დაადასტურა, რომ ევროზონას რეცესია და მანქანების გაყიდვების შემცირება მოსალოდნელზე მძიმედ შეეხება. საავტომობილო გაყიდვები ახლოს მიუყვება ეკონომიკურ ზრდას.

„როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) მცირდება, ავტომწარმოებლებს დიდი პრობლემები ექმნებათ, რადგან ხალხს ფული უკვე სხვა რამეებისთვის სჭირდება. მთავარი პრობლემა მოთხოვნაა და არა წარმოება“, — ამბობს ავტოინდუსტრიის ექსპერტი ფერდინანდ დუდენჰოფერი.

მიწოდების ჯაჭვის მოშლის გაკვეთილი ავტომწარმოებლებმა წარსულში უკვე ისწავლეს. მაგალითად, 2010 წელს, ისლანდიაში ამოფრქვეულმა ვულკანმა ატმოსფერო კვამლის ნაწილაკებით დაფარა, რის გამოც შეჩერდა საჰაერო მგზავრობა და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. კომპანიათა უმეტესობას ახლა უკვე კომპონენტების სულ მცირე ორი მომწოდებელი ჰყავს, რითაც თავს იზღვევენ გაფიცვებისა და ბუნებრივი კატასტროფებისგან.

„ყოველი ასეთი კრიზისისგან რაღაც უნდა ისწავლო. უნდა გააორმაგო მოწოდების ჯაჭვები, შეცვალო მარშრუტები“, — ამბობს Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰერბერტ დისი.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გლობალურ ეპიდემიად გადაიქცა, ავტომწარმოებლები იძულებული გახდნენ დაეწყოთ ნაწილებისა და ნედლი მასალების მომარაგება. ამისათვის ისინი მეტსაც კი იხდიდნენ საჰაერო ტრანსპორტირებისთვის, იმაზე მეტს, ვიდრე სახმელეთო ან საზღვაო ტრანსპორტირება ღირს.

„ნამდვილად დიდი გამოწვევაა. ჩვენ გვყავს ჯგუფი, რომელიც სიტუაციას ყოველდღე აკონტროლებს. ჩვენ გვყავს მომწოდებლები იტალიაში“, — ამბობს Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმე.

ამ განცხადებიდან მეორე დღეს, როდესაც იტალია წითელ ზონად გამოცხადდა, Porsche კვლავ აცხადებდა, რომ იტალიის ეპიდემიამ მათ წარმოებაზე ვერ იმოქმედა. Volkswagen-ი, რომელიც ფლობს Porsche-ს, Audi-სა და კიდევ სხვა ბრენდებს, ასევე აღნიშნავდა რომ ოპერირებას იცის პრობლემების გარეშე აგრძელებდა. იტალიელ მიმწოდებლებს გერმანიაში ტვირთების გაგზავნა ჯერ კიდევ შეეძლოთ.

იტალიური კომპანიების განცხადებით, საქმიანობას ისინიც აგრძელებდნენ. საბურავების მწარმოებელი კომპანია Pirelli აცხადებს, რომ იტალიის საწარმოები ჯერ კიდევ მუშაობს და ვარაუდობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანიის წარმოება რვა პროცენტზე მეტით არ შემცირდება.

9 მარტისთვის ნორმალურად მუშაობდა Fiat Chrysler-ის იტალიური ქარხნები, თუმცა, ოფისში მომუშავეებს სახლიდან მუშაობის ნებართვა მიეცათ. Fiat-მა კვლავ გახსნა წინა თვეში ჩინეთიდან ნაწილების მოწოდების შეწყვეტის გამო დროებით შეჩერებული სერბეთის ქარხანა.

Jaguar Land Rover-ი, რომელიც მაღალი კლასის ავტომობილებს ბრიტანეთში აწარმოებს, აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ აქვს უმეტეს ნაწილთა ორი კვირის მარაგი. თუმცა, კომპანია არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ მომენტში შეიძლება დეფიციტი შეექმნას წარმოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ზოგიერთ კომპონენტზე.

ავტოინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვი საგრძნობლად გართულებულია. საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად, ზოგიერთი კომპონენტი საზღვრებს რამდენჯერმე კვეთს. ეს კი მიწოდების ქსელს უფრო მოწყვლადს ხდის. ამ დროს უპირატესობად ჩაითვლება ფართოდ გაშლილი მიწოდების ჯაჭვის ქონა.

იტალიის იზოლაციასთან ერთად, ჩინეთი ასპარეზზე კვლავ ბრუნდება, რადგან იქ კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო. ბლუმეს განცხადებით, Porsche-მ ამ ქვეყანაში სადილერო პუნქტების დიდი ნაწილი კვლავ გახსნა.

ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი კორონავირუსს გლობალიზაციის მწარე გაკვეთილად მიიჩნევს და კომპანიებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტად აწარმოონ სამშობლოსთან ახლოს. თუმცა, Volkswagen-ის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ეს კრიზისი ავტომწარმოებლებს ნაკლებად გლობალიზებულს ვერ გახდის.

ავტომწარმოებლები დახმარებისათვის მთავრობებს ჯერ არ მიმართავენ, როგორც ეს მათ 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს გააკეთეს. მაშინ გერმანიამ და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა ავტომწარმოებლებს შესთავაზეს პროგრამები, რომელთ მიზანიც მომხმარებლის წახალისება იყო, გაეყიდათ ძველი მანქანები და ეყიდათ ახლები.

ზოგიერთი მენეჯერი მიუთითებს, რომ ევროკავშირმა ავტოინდუსტრიის სასარგებლოდ უნდა შეარბილოს დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც ძირითადად ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებისათვის არის შემოღებული.