დეტროიტის ავტოშოუ გაუქმდა — ღონისძიების ადგილი დროებით საავადმყოფოდ გადაკეთდება

110 0

ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუ კორონავირუსის უახლესი მსხვერპლია; როგორც მრავალი სხვადასხვა გამოცემა იუწყება, ვირუსის გავრცელების ზრდის გამო ღონისძიება გაუქმდა.

მართალია, შოუს ორგანიზატორები ჯერ ინფორმაციას არ ადასტურებენ, მაგრამ ამბავს გაგებით ეკიდებიან Ford-ი და General Motors-ი.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს წლევანდელი ღონისძიების გაუქმებას. საზოგადოების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. იმედი გვაქვს, შოუ 2021 წელს დაბრუნდება“, — უთხრა გამოცემა The Detroit News-ს Ford-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მარკ ტრაბიმ.

ახალი ბრწყინვალე მანქანების გამოფენის ნაცვლად, TCF Center-ი — ადგილი, სადაც შოუ უნდა გამართულიყო, COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანების სამკურნალო დროებით საავადმყოფოდ გადაკეთდება. აშშ-ის შეიარაღებული ძალები ამ ამბავს ადასტურებს; უწყების ცნობით, TCF Center-ს უკვე ესტუმრნენ ფედერალური სააგენტოები და დაგეგმეს, როგორ შეიძლება მოხდეს ამ მასიური კომპლექსის გადაკეთება დროებით საავადმყოფოდ.

მიჩიგანის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული საავადმყოფოები უკვე პაციენტების მაქსიმუმს უახლოვდებიან. პატარა შტატს კორონავირუსმა საკმაოდ მძიმედ შეუტია. რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა ტრამპმა შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა.

ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუ ივნისში უნდა გამართულიყო; წლევანდელი ღონისძიება ამ შოუს ისტორიაში პირველად ტარდებოდა ზაფხულში. ღონისძიებაზე იგეგმებოდა Volkswagen ID.4-ის წარმოდგენა. ახალი მოდელების წარმოდგენას გეგმავდა General Motors-იც.

კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა სხვა დიდი ავტოშოუებიც. მათ შორის იყო ჟენევის მოტორშოუ, ჟენევისა და პეკინის ავტოშოუები, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალი და ა. შ.