რა მოხდება, თუ დედამიწას შავი ხვრელი გადასანსლავს?

240 0

ოდესმე გიფიქრიათ რა მოხდება, თუკი შავი ხვრელი დედამიწას გადასანსლავს? ახალ ონლაინ-ხელსაწყოს შეუძლია გამოიანგარიშოს, რა მასშტაბის კოსმოსურ დესტრუქციას გამოიწვევს ეს სასტიკი მოვლენა.

ხელსაწყოს შავ ხვრელთან შეჯახების კალკულატორი უწოდეს და განსაზღვრავს, რამდენით გაიზრდება შავი ხვრელი და რა ოდენობის ენერგია გამოიყოფა, თუკი ის დედამიწას ან სხვა ნებისმიერ ობიექტს შთანთქავს.

მაგალითად, ჩვენი პლანეტის ამ გზით სიკვდილის შედეგად 32,204,195,564,497,649,676,480,000,000,000,000 მეგაჯოული ენერგია უნდა გამოიყოს, რაც 54 კვინტილიონჯერ მეტია კაცობრიობის მიერ წელიწადში მოხმარებულ ენერგიაზე.

თუკი შავი ხვრელის მასა მზის მასაზე 4-მილიონჯერ მეტი იქნება, ჩვენი საბრალო პლანეტის შთანთქმისას მისი მოვლენათა ჰორიზონტი, ანუ უკან არდაბრუნების წერტილი, რომლის გადაკვეთის შემდეგ გაქცევა სინათლესაც კი აღარ ძალუძს — სულ რაღაც 0.00000000007281%-ით გაიბერება.

ასეთ შავ ხვრელებს სუპერმასიური ეწოდება. ისინი ყველა დიდი გალაქტიკის ცენტრშია გაწოლილი. მათ შორის არის ჩვენი გალაქტიკაც — ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე სუპერმასიურ შავ ხვრელს მშვილდოსანი A* ეწოდება და მისი მასა ჩვენი მზისას დაახლოებით 4-მილიონჯერ აღემატება.

საინტერესოა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი დედამიწას პატარა, 20 მზის მასის მქონე შავი ხვრელი გადაყლაპავს? როგორც კალკულატორი უჩვენებს, ამ შემთხვევაში მისი მოვლენათა ჰორიზონტი 0.000014562%-ით გაიზრდება.

როგორც აღვნიშნეთ, კალკულატორს შეუძლია გამოთვალოს სხვა სხეულთა შეჯახების შედეგებიც. მაგალითად, 30-30 მზის მასის მქონე ორი შავი ხვრელის შეჯახებისას, რაც ორი წლის წინ მეცნიერებმაც დააფიქსირეს გრავიტაციული ტალღების მეშვეობით, წარმოიქმნება 59 მზის მასის მქონე ერთი შავი ხვრელი. ახალი ობიექტის მოვლენათა ჰორიზონტის სიგანე 174,6 კილომეტრი იქნება, თავდაპირველი ობიექტებისაზე 97 პროცენტით განიერი.

შეჯახების კალკულატორი Omni Calculator Project-ის ფარგლებში შექმნა ვარშავის უნივერსიტეტის ფიზიკის სტუდენტმა ალვარო დიესმა.

მისი თქმით, მოტივაცია რამდენიმე თვის წინ შავი ხვრელისთვის გადაღებული ფოტო გახდა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აპრილში, მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის პროექტის მეცნიერებმა ისტორიაში პირველი, შავი ხვრელის ჩრდილისთვის გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს.

ერთი თვის წინ, მეცნიერთა ჯგუფმა შორეულ გალაქტიკაში აღმოაჩინა, როგორ ჭამს შავი ხვრელი ვარსკვლავს. მკვლევართა კიდევ ერთმა ჯგუფმა კი დააფიქსირა სამი სუპერმასიური შავი ხვრელი, რომლებიც ერთმანეთთან შეჯახების გზას ადგანან.

შეჯახების კალკულატოროს ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.