Porsche-მ მფრინავი ელექტრომანქანა დააპატენტა

31 0

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ Porsche და Boeing-ი მფრინავ მანქანაზე დაიწყებენ მუშაობას.

ამჯერად, ინტერნეტში ჩნდება გერმანული ავტომწარმოებლის საპატენტო განაცხადი, რომელშიც ჩანს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მფრინავი მანქანა.

Taycan EV Forum-ის მიერ გამოქვეყნებული საპატენტო ფორმა 2019 წლის 2 ივლისს არის შევსებული აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ოფისში. აღწერს მფრინავ მანქანას, რომელიც ვერტიკალურად ფრინდება და ჯდება. მოცემულია გარკვეული ნახაზებიც.

მანქანას ოთხი პროპელერი აქვს. ორი მათგანი დაბლაა მიმართული. ნათლად ჩანს ორკაციანი პატარა სალონიც.

„თავისუფლად მოძრავი როტორების ნაცვლად, საჰაერო ხომალდის სამართავად შეიძლება სხვადასხვა ზომის გარსშემომდენიანი ვენტილატორების გამოყენება“, — წერია პატენტში.

როგორც პატენტი აღწერს, საჰაერო ხომალდი მთლიანად ელექტრო იქნება.

Porsche-სა და Boeing-ს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ორი კომპანია „შეისწავლის პრემიუმ ურბანულ საჰაერო მობილობის ბაზარს და ურბანულ ტრაფიკს საჰაერო სივრცეშიც გადაიტანს“.

ორივე კომპანია ადასტურებს, რომ ისინი მუშაობენ ვერტიკალურად აფრენად და დაჯდომად მანქანაზე, მაგრამ მას მხოლოდ კონცეპტად მოიხსენიებენ.