2020 წლის Nissan Patrol/Armada ახალი დიზაინითა და უკეთესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა

284 0

Nissan-ის ახალი, 2020 Patrol SUV-ი ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე ამ თვეში გამოჩნდება; მანქანას ექნება ახალი ექსტერიერი, დახვეწილი ინტერიერი და ტექნოლოგიები, მაგრამ შეინარჩუნებს სოლიდურ ოფროუდ შესაძლებლობებს.

იაპონური ავტომწარმოებელი Patrol-ს წინა SUV-ების ღირსეულ მემკვიდრედ განიხილავს; დაპროექტებულია პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე რთულ გარემოში მართვისთვის ისე, რომ უარი არ არის ნათქვამი კომფორტზე.

„Patrol-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანუკვარი მოდელია ხანგრძლივი და საამაყო მემკვიდრეობით. ახალი Nissan Patrol-ი წარმოადგენს ფუფუნებისა და უსასრულო შესაძლებლობების პიკს, რომელიც თავის გამოცდილებას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს მთელ მსოფლიოში“, — აღნიშნავს Nissan-ის აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის რეგიონის ხელმძღვანელი ჯონი პაივა.

დიზაინის თვალსაზრისით, Nissan-ის ინჟინრებმა 2020 წლის Patrol/Armada-ს უბოძეს V-ს ფორმის ცხაური და ბუმერანგის ფორმის ახალი LED ფარები. ცხაური და ოპტიკური ერთეულები ერთობლიობაში წარმოქმნიან SUV-ის ძლიერ და კუთხურ წინა დიზაინს.

ბუმერანგის ფორმა აქვს უკანა გაბარიტულ ფარებსაცს, რომლებიც დაკავშირებულია ქრომირებულ სახელის დაფასთან.

სალონში დაგხვდებათ ახალი ცენტრალური კონსოლი ორმაგი დისპლეითი, რომელიც აღჭურვილია Apple CarPlay და Android Auto ფუნქციონალებით; ბრილიანტის ფორმის კუბიკებით ამოქარგული ტყავის სავარძლები და ხელით შეკერილი საჭე. მანქანა ასევე აღჭურვილია გაუმჯობესებული გაგრილებისა და ჰაერის განაწილების სისტემებით, რათა სწრაფად გააგრილოს ცხელი ჰაერი.

ავტომობილში ასევე დაგხვდებათ უსაფრთხოების სრულიად ახალი ხელსაწყოები, მაგალითად, ჭკვიანი საგანგებო მუხრუჭი ქვეითის ამოცნობის სისტემით და წინიდან შეჯახების გამაფრთხილებელი ჭკვიანი სისტემა. ეს ორი სისტემა დამატებულია Nissan-ის უკვე არსებულ Intelligent Mobility ტექნოლოგიებს.

მომხმარებელს შეუძლია აარჩიოს ახალი Patrol-ი 4.0-ლიტრიანი V6 ძრავით (275 ცხენის ძალით) ან 5.6-ლიტრიანი V8 ძრავით (400 ცხენის ძალით).