კომპანია Continental-მა შექმნა საბურავი, რომელიც მოძრაობისას თავისით იბერება

2428 0

საავტომობილო ნაწილების მწარმოებელმა, საბურავების სპეციალისტმა გერმანულმა კომპანია Continental-მა შექმნა საბურავის ინოვაციური კონცეპტი, რომელიც მოძრაობისას თავისით იბერება.

საბურავს C.A.R.E. (Connected. Autonomous. Reliable. Electrified) უწოდეს და ის აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც აგროვებს და მუდმივად ამოწმებს ინფორმაციას პროტექტორების სიღრმის, შესაძლო დაზიანების, ტემპერატურისა და წნევის შესახებ. ამ სენსორების მიერ შეგროვებული მონაცემები გადაეცემა ContiConnect Live-ს, საიდანაც შესაძლებელია საბურავის მდგომარეობის დისტანციურად მართვა.

თუმცა, საბურავის კონცეპტის ყველაზე საინტერესო ასპექტი სულ სხვა რამეა.

Continental-ის C.A.R.E.-ს ასევე აქვს დისკში ჩამონტაჟებული ცენტრიდანული ტუმბოები. მანქანის აჩქარებისას, ბორბალში გამომუშავებული ცენტრიდანული ძალები მოქმედებს ტუმბოზე, რა დროსაც გამომუშავდება კომპრესირებული ჰაერი. ამ ტექნოლოგიას Continental-მა PressureProof-ი უწოდა და მისი მთავარი დანიშნულებაა საბურავში მუდმივად უზრუნველყოს შესაბამისი წნევა, რათა გაიზარდოს ეფექტიანობა და შემცირდეს CO2-ის გამოყოფა. ცენტრიდანული ძალების მიერ გამომუშავებული შეკუმშული აირის ზედმეტი ოდენობა ინტეგრირებულ ავზში ინახება, რომელიც მას საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გზავნის საბურავში.

საბურავების მწარმოებელი არ აკონკრეტებს, როდის ან საერთოდ დაიწყება თუ არა ამ სახის პროდუქციის წარმოება. კომპანია მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ საბურავების ასეთი ტექნოლოგია საკმაოდ ეფექტიანი იქნება საბურავების თანამედროვე მენეჯმენტში, მნიშვნელოვნად გაზრდის ეფექტიანობასა და შეამცირებს დანახარჯებს.