შეეგებეთ Aston Martin-ის პირველ მოტოციკლს

292 0

Aston Martin-მა და Brough Superior-მა AMB 001 წარმოადგინეს — შეზღუდული ოდენობის მხოლოდ სარბოლო მოტოციკლი. დებიუტი მილანის მოტოციკლების შოუზე შედგა.

ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, ახალი სუპერბაიკი მხოლოდ 100 ეგზემპლარად გამოვა და მასში წარმოდგენილია Aston Martin-ის დიზაინისა და Brough Superior-ის მოწინავე ინჟინერიის ნაზავი.

Aston Martin-ის სარბოლო ფერებში გადაწყვეტილ მოტოციკლს აქვს ნახშირბადის ბოჭკოს ძარა და აღჭურვილია 180 ცხენის ძალის მქონე ორმაგი V ტურბოძრავით. წონა 180 კილოგრამია.

„ეს იქნება მოწინავე მოტოციკლი და ძალიან ამაყები ვართ, რომ მოტოციკლზე პირველად ვხედავთ Aston Martin-ის ფრთებს. დასრულებული პროდუქტი უბრალოდ ულამაზესია; თვალს მოგჭრით მისი დიზაინი და მოგხიბლავთ ინჟინერია“, — აღნიშნა Aston Martin-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარეკ რაიხმანმა.

ახალი სუპერბაიკის ძლიერ სკულპტურულ ფორმას ერწყმის ნახშირბადის ბოჭკოს საფარი, რომელსაც იგივე დიზაინი აქვს, რაც Aston Martin-ის მანქანებს.

ახალი AMB 001 დამზადდება და ხელით აეწყობა Brough Superior-ის საწარმოში, საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში. ასივე ეგზემპლარი 2020 წლის დასაწყისში გამოვა და ფასი 108 000 ევრო იქნება.