BMW-მ დაპოსტა და შემდეგ წაშალა რეკლამა თვითმართვად მანქანაში სექსის შესახებ

300 0

ავტომატური მართვის სისტემით აღჭურვილი მანქანები მრავალ თავისუფლებას მოგვიტანს. მგზავრებს შეეძლებათ ფილმების ყურება, გაზეთების კითხვა (თუ კიდევ არსებობდა) თუ ვიდეოთამაშების თამაში, მანქანის ტარებაზე კი ხელოვნური ინტელექტი იზრუნებს.

თუმცა, BMW-ს მიაჩნია, რომ თვითმართვადი მანქანით მგზავრობისას უფრო ამაღელვებელი რამეების გაკეთებაც შეიძლება.

გერმანულმა ავტომწარმოებელმა გამოაქვეყნა და შემდეგ სასწრაფოდ წაშალა რეკლამა, სახელად „სიამოვნების ახალი მომენტები“. ვიდეო ეხებოდა მომავალს, რომელშიც ადამიანებს სექსით დაკავება შეეძლებათ BMW Vision iNext თვითმართვად ავტომობილებში.

პიკანტური რეკლამა რამდენიმე დღის წინ აიტვირთა BMW-ს ფუტურისტული ქვებრენდის, BMWi-ს Twitter-ის ანგარიშზე, მაგრამ მალევე წაიშალა.

გამოცემა CNET-ის ცნობით, რეკლამაში ნაჩვენები იყო, როგორ კოცნის ერთმანეთს Vision iNext concept-ში მსხდარი წყვილი მანქანის სვლის დროს. ამის შემდეგ, დაზუსტებით არაფერი ჩანს, მაგრამ ლურჯ-წითელი ლანდები აშკარად მიუთითებდა გაცილებით ინტიმურ სცენაზე.

უცნობია, რატომ წაშალა BMW-მ ვიდეო, მაგრამ გაჩნდა რამდენიმე მოსაზრება — 2019 წელს ნამდვილად არ არის კარგი იდეა, ხალხი უსაფრთხოების ღვედის გარეშე მგზავრობისკენ წაახალისო; თუმცა, რეკლამაში აღნიშნული იყო, რომ ყველაფერი მხოლოდ სადემონსტრაციოა და BMW-ს ასეთი მანქანა ჯერ არ ჰყავს.

კომპანიები, მაგალითად Tesla, განსაკუთრებით ყურადღებით ეკიდებიან საკუთარი თვითმართვადი მანქანების მახასიათებელთა რეკლამირებას, რათა მომხმარებლები შეცდომაში არ შევიდნენ ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.