ჩინეთმა 600 კმ/სთ სიჩქარის მქონე მატარებლის პროტოტიპი შექმნა

300 0

ჩინეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიამ წარმოუდგენლად სწრაფი მაგლევი მატარებლის პროტოტიპი შექმნა. მაგლევი არის მატარებელი მაგნიტურ საკიდზე, რომელსაც ამოძრავებს და მართავს მაგნიტური ძალა.

ჩვეულებრივი მატარებლებისგან განსხვავებით, ასეთი შემადგენლობა მოძრაობისას ლიანდაგების ზედაპირს არ ეხება. გამომდინარე იქიდან, რომ მატარებელსა და მოძრაობის ზედაპირს შორის არსებობს სივრცე ხახუნი გამორიცხულია და ერთადერთი მამუხრუჭებელი ძალა აეროდინამიკური წინააღმდეგობის ძალაა. ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია CRRC-ის მიერ შექმნილ პროტოტიპს მგზავრების გადაყვანა 600 კმ/სთ სიჩქარით შეუძლია.

ჩინეთი იმედოვნებს, რომ მატარებელი მგზავრებს 2021 წლიდან მოემსახურება.
„თუ მხედველობაში მივიღებთ მომზადების დროსაც, პეკინიდან შანხაიში წასასვლელად ამჟამად თვითმფრინავით 4,5 საათია საჭირო, მაღალსიჩქარიანი რკინიგზით 5,5 სთ, ახალი მაგლევით კი ამ გზის გასავლელად სულ რაღაც 3,5 საათი დაგჭირდებათ“, — ამბობს CRRC-ის უფროსი ინჟინერი დინგ სანსანი.

პროტოტიპზე მუშაობა სამი წლის განმავლობაში მიდიოდა. სატესტო შემადგენლობის შემდეგ, დაგეგმილია კიდევ ხუთი პროტოტიპის აწყობა. მაღალსიჩქარიანი მაგლევის საცდელი წარმოების დაწყება 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

მაღალი სიჩქარის მატარებლების სეგმენტში ჩინეთსა და იაპონიას შორის პირველობისათვის ნამდვილი ბრძოლაა გამოცხადებული.

2015 წელს, იაპონიის ქალაქ იამანაშიში, იაპონიის რკინიგზის მაგლევმა მატარებელმა რეკორდული მაჩვენებელი — 603 კმ/სთ განავითარა.

მაგლევის ხაზს იაპონია ამჟამად აშენებს; მასზე მატარებლების მოძრაობის სიჩქარის მაქსიმუმი 500 კმ/სთ იქნება.

პროექტის პირველი ფაზა 2027 წელს დასრულდება და ხაზი ერთმანთთან დააკავშირებს ტოკიოსა და ნაგოიას. ქალაქებს შორის მოგზაურობისთვის ამჟამად საჭირო დრო განახევრდება.

ჩინეთის პირველი კომერციული მაგლევის სისტემა, 30-კილომეტრიანი ხაზი შანხაის პუტონგის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის, 2002 წელს გაიხსნა. მისი სიჩქარე 431 კმ/სთ-ია და ამ დროისთვის წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ კომერციული მაგლევის სისტემას.