Ford-მა სმარტფონით მანქანასთან დისტანციურად კავშირის ტექნოლოგია უფასო გახადა

342 0

თანამედროვე ავტომობილები კავშირის უამრავი საშუალებითაა აღჭურვილი, მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის, ამ ტექნოლოგიებით სარგებლობა დამატებით თანხებთან არის დაკავშირებული.

Ford-ი სწორედ ამ მდგომარეობის შეცვლას ცდილობს. კომპანიის განცხადებით, FordPass და FordPass Connect ტექნოლოგიები ამიერიდან უფასო იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს სმარტფონებით მანქანის დაქოქვა ჩაქრობაში ან კარის გაღება დაკეტვაში არაფრის გადახდა აღარ მოუწევთ.

Ford-ის განცხადებით, ის პირველი სრულხაზოვანი ავტომწარმოებელია, რომელიც მომხმარებლებს უფასოდ სთავაზობს ავტომობილის დისტანციურ მახასიათებლებსა და კავშირის სერვისებს, ოღონდ კონკრეტულ წლებში გამოშვებულ მოდელებზე, რომლებიც აღჭურვილია FordPass Connect სერვისით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მახასიათებლები ახალი არაა, Ford-ი აღნიშნავს, რომ მსგავსი სერვისებისთვის GM-ის მომხმარებლები ყოველთვიურად 14,99$-ს იხდიან. თვეში 8$-ის გადახდა უწევთ Toyota-ს მომხმარებლებსაც.

გარდა ზემოთხსენებული მახასიათებლებისა, ამ სერვისის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ დისტანციურად შეამოწმონ საწვავისა და სითხეების დონე, როდის უწევს მანქანას გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოები და ა. შ. მომხმარებლები ასევე ჩაერთვებიან FordPass Rewards-ში, რაც მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამაა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები აგროვებენ ქულებს, შემდეგ კი ცვლიან უფასო სათადარიგო ნაწილებში, პროფილაქტიკურ სერვისში და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯით Ford-ი შემოსავლების გარკვეულ ნაწილს დაკარგავს, კომპანია ამ ტექნოლოგიას უყურებს, როგორც საკუთრების გამოცდილებისა და მომხმარებელთა ლოიალობის გაუმჯობესების მნიშვნელოვან გზას.