როგორ აქრობს ამაზონის ტყეში ხანძარს Boeing 747

409 0

ამაზონის წვიმის ტყეში ათობით ათასი ხანძრის კერა მძვინვარებს. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები და ჯარისკაცები ცდილობენ, მაგრამ რესურსი საკმაოდ მცირეა და ცეცხლის კერები უმეტესად მიუდგომელ ადგილებშია. საბედნიეროდ, მოწოდების სიმაღლეზეა ერთი გასაოცარი „მანქანა“.

მისი სახელია Global SuperTanker-ი; ეს გახლავთ თვითმფრინავი Boeing 747-400, რომელიც 76 ტონა წყლის აღება და ხანძრის კერებზე დასხმა შეუძლია. ამაზონის ტყის ბოლივიის ნაწილში მძვინვარე ხანძრის ჩასაქრობად, ხომალდი ბოლივიის მთავრობამ დაიქირავა. ეკიპაჟის 15 წევრთან ერთად, თვითმფრინავი უკვე ბოლივიაშია და ხანძარს ორი კვირის განმავლობაში შეებრძოლება; ხომალდი დღეში ოთხ აფრენას ახორციელებს.

თვითმფრინავის ძირითადი დანიშნულებაა ცეცხლის კერებზე წყლის ისე დასხმა, რომ დაბლა მყოფმა მეხანძრეებმა ხანძარზე კონტროლის აღება შეძლონ.

ცეცხლზე წყლის დასასხმელად, ხომალდს მიწის ზედაპირიდან 60-76 მეტრ სიმაღლეზე დაშვება შეუძლია. ბოლივიის ხანძრის შემთხვევაში, ტანკერი თითო აფრენისას ცეცხლს 75 ტონამდე წყალს ასხამს. საჰაერო ხომალდს წყალთან ერთად შეუძლია ამიაკზე დაფუძნებული ცეცხლსაქრობი ნივთიერების ჩამოღვრაც, მაგრამ ბოლივიაში მხოლოდ წყალს იყენებს, რადგან ბოლივიის ხელისუფლება შიშობდა, რომ ძვირადღირებული ქიმიური ნივთიერება ისედაც განადგურებულ ეკოსისტემას კიდევ უფრო მეტად დააზიანებდა.

Global SuperTanker-ი ბაზირებულია აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ კოლორადო-სპრინგსში. იქამდე, ვიდრე მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ტყის ხანძრებთან ბრძოლას დაიწყებდა, წარმოადგენდა ავიაკომპანია Japan Airlines-ის ფლოტში მყოფ სამგზავრო თვითმფრინავს.