ჩინურ კომპანიას სურს, კლონირებულ ცხოველებს წინა ცხოველის მეხსიერება გადასცეს

327 0

გარლიკი ფუმფულა კატაა ვარდისფერი ცხვირითა და ციცქნა ნაცრისფერი ყურებით, ზუსტად ისეთი, როგორიც კატა, რომლის კლონიც ის არის.

„ჩემი კატა საშარდე ტრაქტის დაავადებით მოკვდა. გადავწყვიტე მისი კლონირება, რადგან ის ჩემთვის განსაკუთრებული და დაუვიწყარი იყო“, — ამბობს გარლიკის მფლობელი ჰუანგ იუ.

მიუხედავად იმისა, რომ გარლიკი ბიოლოგიურად მისი წინამორბედის იდენტურია, ის იგივე კატა არ არის — მას საკუთარი ინდივიდუალურობა აქვს და ინახავს საკუთარ მოგონებებს.

იგი ჩინეთში პირველი კლონირებული კატაა, რომელიც პეკინში ბაზირებულმა კომპანია Sinogene Biotechnology Company-მ შექმნა. კომპანიის განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი იქნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რათა საყვარელი შინაური ცხოველის მეხსიერება მის კლონს გადასცენ.

Sinogene-ს გენერალურმა მენეჯერმა პრესკონფერენციაზე შეკრებილებს უთხრა, რომ იმისათვის, რათა კლონირებულ ცხოველებს ორიგინალის მეხსიერება ჰქონდეთ, კომპანია განიხილავს ხელოვნური ინტელექტის ან ადამიანი-მანქანის დამაკავშირებელი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც მეხსიერებას კლონირებულ ცხოველს გადასცემს.

კომპანიაში არაფერს ამბობენ, შესაძლებელია თუ არა ტექნოლოგიურად ამის გაკეთება, მაგრამ Sinogene-ს დაინტერესება ამ საკითხით უკვე მიუთითებს, რომ არსებობს მოთხოვნა ცხოველებზე, რომლებიც თავიანთ წინამორბედის იდენტური იქნებიან როგორც სხეულით, ისე გონებით.

თუმცა, შინაურ ცხოველთა კლონირება ბევრს აშფოთებს. მეცნიერთა ნაწილის განცხადებით, კლონირებული ცხოველები ჯანმრთელნი არ არიან, ცოცხლობენ უფრო ცოტას, ვიდრე ბუნებრივად დაბადებულნი. ცხოველების უფლებადამცველთა ნაწილს კი შინაურ ცხოველთა კლონირება არაეთიკურია გამომდინარე იქიდან, თუ რამდენ მიუსაფარ ცხოველს სჭირდება სახლი.

კატა, რომლის კლონიც არის გარლიკი

თუმცა, უამრავი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი ბოლო წლებში ათასობით დოლარს ხარჯავენ, რათა საყვარელ ცხოველებს სიცოცხლე კლონირების გზით „დაუბრუნონ“.

ზემოთ ხსენებული კატა გარლიკი უკვე ერთი თვისაა და როგორც მისი შემქმნელი კომპანია აცხადებს, კიდევ რამდენიმე ადამიანი უკვე მზადაა 35 400 დოლარის გადასახდელად, რათა მათი კატების კლონირებაც მოხდეს.