ფრანგული გაზეთის ცნობით, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის შემდეგ, შუმახერი გონზე მოვიდა

270 0

პარიზში, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის შემდეგ, მიხაელ შუმახერი გონზე მოვიდა. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Parisien-ი იუწყება.

ექვსი წლის წინ, თხილამურებით სრიალისას მძიმედ დაშავების შემდეგ შუმახერი საჯაროდ არ გამოჩენილა. რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ შუმახერი პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში „მკურნალობის საიდუმლო კურსს“ გადის.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფორმულა ერთის ლეგენდა საფრანგეთის დედაქალაქში, ჯორჯ პომპიდუს ჰოსპიტალში, ღეროვანი უჯრედების ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტთან მკურნალობდა.

შუმახერის მენეჯმენტი კომენტარისგან თავს იკავებს; ოფიციალური განცხადება არც საავადმყოფოს მხრიდან გავრცელებულა.

თუმცა, ფრანგული გაზეთი საავადმყოფოში მომუშავე ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შუმახერს გამოჯანმრთელების ნიშნები დაეტყო.

„დიახ, მე მას ვემსახურები და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ის გონზე მოვიდა“, — უთხრა გამოცემას ანონიმურმა მედდამ.

Le Parisien-ი ასევე აღნიშნავს, რომ შუმახერს ჰოსპიტალში მკურნალობს პროფესორი ფილიპ მენაში — ფრანგი კარდიალური ქირურგი, რომელმაც 2014 წელს გულის უკმარისობის მქონე პაციენტს მსოფლიოში პირველად გადაუნერგა ემბრიონული უჯრედების ტრანსპლანტი.

2013 წლის დეკემბერში თავის არეში მიღებული სერიოზული ტრავმის შემდეგ, შუმახერს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, საკუთარ სახლში მკურნალობდნენ.

2019 წლის იანვარში, 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში მისი ოჯახი აღნიშნავდა, რომ შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონის გამოჯანმრთელებისათვის აკეთებდნენ ყველაფერს, რაც ადამიანურად არის შესაძლებელი.

მიხაელ შუმახერი დღემდე რჩება ფორმულა ერთის ყველაზე წარმატებულ მძღოლად, რომელსაც 91 გრან-პრი აქვს მოგებული. პირველი ორი ტიტული 1994 და 1995 წელს მიიღო Benetton-ით ასპარეზობისას, 2000-2004 წლებში ხუთჯერ ზედიზედ კი Ferrari-თ გამოსვლისას.