შემდეგი თაობის Nissan Qashqai ორი სხვადასხვა სახეობის ჰიბრიდის სახით გამოვა

258 0

მომავალ წელს ბაზარზე შემდეგი თაობის Nissan Qashqai გამოჩნდება. გამოცემა Auto Express-ის ცნობით, მანქანას სულ მცირე ორი ჰიბრიდული ტრანსმისია ექნება.

ახალი Qashqai აეწყობა Renault-Nissan-ის ალიანსის ბოლო CMF პლატფორმაზე, რომელსაც ელექტრიფიკაციის მხარდაჭერა აქვს. ახალ Qashqai-ში ხელმისაწვდომი პირველი ჰიბრიდული ტრანსმისია Nissan-ის ePower სისტემა იქნება და შესაბამისად, მანქანაც ჩვეულებრივი ჰიბრიდი იქნება. მეორე კი აღიჭურვება Mitsubishi-ს plug-in ჰიბრიდი სისტემით, რომელიც ბენზინის ძრავას გენერატორის სახით იყენებს და მუხტავს ბატარეებს, რომლებიც ელექტროძრავს ამუშავებს.

„ვიკვლევთ ევროპაში ePower ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობას. უდიდესი განსხვავება, როდესაც ამ საბორტო გენერატორს მანქანაზე აყენებ, არის ავტომაგისტრალებზე სიარული — როგორც წესი, იაპონიაში ის 80-100 კმ/სთ-ს არ აჭარბებს, ევროპაში კი ეს მაჩვენებელი ძირითადად 130-135 კმ/სთ-ია. ამ სიჩქარით სიარულისას ბატარეები ძალიან მალე ცვდება და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ენერგოეფექტიანობის გაზრდის გზის გამონახვა“, — ამბობს Nissan-ის ევროპის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი პონც პანდიკუთირა.

მისივე თქმით, Nissan-ი plug-in ჰიბრიდებს ასე სერიოზულად არ უყურებს და შემდეგი თაობის Qashqai-ში უბრალოდ მოსინჯავს. როგორც იგი აღნიშნავს, plug-in-ები უბრალოდ უახლოესი 2-4 წელიწადისთვის გარდამავალი ტექნოლოგიაა, სანამ ბატარეების ფასი იქამდე დაეცემა, რომ ყველა სრულად ელექტრული მანქანების წარმოებაზე გადავა.

გარდა ასეთი ძალური გადაცემის სისტემებისა, ახალი Qashqai მიიღებს Nissan-ის უახლეს თვითმართვადი ტექნოლოგიის სისტემა ProPilot-ს და დაკავშირებადობის სხვადასხვა მახასიათებლებს. ზომით ის ამჟამინდელი მოდელის მსგავსი იქნება, მაგრამ ვიზუალურად უფრო სოლიდური.