ავსტრიულმა კომპანიამ მზის ენერგიაზე მომუშავე იახტა შექმნა

357 0

მზის ენერგია უკვე აქტიურად გამოიყენება ხმელეთზე და როგორც ჩანს, ახლა ზღვის დროა. ფოტოზე ხედავთ გემს, სახელად Silent 55, რომელიც ავსტრიულმა კომპანია Silent Yachts-მა შექმნა. ულიმიტო გარბენის მანძილის მისაღებად, თანაც უხმაუროდ, კვამლისა და სხვა დამატებითი ნაწილების გარეშე, ხომალდი წყნარ ელექტროპროპულსიას იყენებს.

იახტის სიგრძე 17 მეტრია, მაქსიმალური სიჩქარე კი 20 კვანძი (37 კმ/სთ). ფასი 1 550 000$-დან იწყება.

Silent Yachts-ის განცხადებით, ეს იახტა წარმოადგენს 2018 წლის მოდელის გაუმჯობესებულ ვერსიას. ახალ ხომალდს აქვს გაუმჯობესებული გაწევის სისტემა უფრო მძლავრი ბატარეით, ორჯერ მძლავრი ძრავი და ნაკლები ხმაური.

იახტაზე მოთავსებულია 30 მაღალეფექტიანი მზის პანელი, რომელთაგან თითოეული 10 კილოვატის სიმძლავრისაა.

კომპანიის განცხადებით, ნორმალური სიჩქარით სვლისას, იახტა მთელი დღის განმავლობაში დადის, შემცირებული სიჩქარით კი ღამითაც.

მსგავსი იახტები ძირითადად რეკრეაციისთვის გამოიყენება, მაგრამ ასევე შესაძლებელია ექსპლუატაცია სამხედრო მიზნებით, ტურიზმში და წყალქვეშა კვლევებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ იაპონურმა განახლებადი ენერგიის სისტემების კომპანია Eco Marine Power-მა შექმნა ახალი ტექნოლოგია სახელად EnergySails, რომელიც იყენებს როგორც მზის, ისე ქარის ენერგიას. იალქანი ნახშირბადის ბოჭკოსგან არის დამზადებული და მისი დამონტაჟება ნებისმიერ გემზე შეიძლება; ცხადია, იგი გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე 1,5$ მილიონიანი ავსტრიული იახტა.