მეცნიერთა აზრით, სიცოცხლის არსებობა წარმოუდგენლად პატარა პლანეტებზეც შესაძლებელია

44 0

შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის არსებობა სუსტი გრავიტაციის მქონე ციცქნა პლანეტაზე?

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის განცხადებით, მათ დაადგინეს პლანეტის შესაძლო უმცირესი მასა, რომლის ქვემოთაც მისი გრავიტაცია ვეღარ შეძლებს ატმოსფეროსა და თხევადი წყლის შენარჩუნებას.

მკვლევართა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ უმცირესი შესაძლო პლანეტა, რომელსაც სიცოცხლისთვის აუცილებელი ამ მახასიათებლების შენარჩუნება შეუძლია, მასით უნდა იყოს დაახლოებით დედამიწის მასის 2,7 პროცენტი. ეს მაჩვენებელი კი თითქმის მერკურისა და მთვარის მასის ნახევარია.

გარდა ამისა, ეგზოპლანეტა უნდა მოძრაობდეს თავის დედავარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში, ანუ იმ მანძილზე, სადაც შესაძლებელი იქნება ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნება. უფრო ახლოს, ის ვარსკვლავისგან ბევრ რადიაციას მიიღებს და ზედმეტად ცხელი იქნება, უფრო შორს კი ცივი და ზედაპირზე წყალი გაიყინება.

„როდესაც ხალხი სასიცოცხლო ზონის შიდა და გარე კიდეებზე ფიქრობს, როგორც წესი, ამ საკითხს ისინი სივრცულად უყურებენ, ანუ რამდენად ახლოს არის პლანეტა ვარსკვლავთან. თუმცა სინამდვილეში, სიცოცხლის არსებობისთვის მხედველობაში უნდა მივიღოთ სხვა მრავალი ფაქტორიც, მათ შორის თუნდაც მასა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ასტრონომი კონსტანტინ არნხეიდტი.

მკვლევართა აზრით, თუ ეგზოპლანეტა საკმარისად დიდია, აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ადგილასაა ის სასიცოცხლო ზონაში, რადგან ეს ფაქტორი უკვე საკმარისია სათბურის ეფექტისათვის და შესაბამისად, ხელსაყრელი ტემპერატურისათვის. შედარებით პატარა პლანეტის შემთხვევაში, დაბალი გრავიტაციის გამო ატმოსფერო უფრო გარე მიმართულებით იქნება გავრცობილი, რაც თავის მხრივ ნიშნავს მეტ რადიაციას დედავარსკვლავისგან და შესაბამისად, სტაბილურ ტემპერატურას ზედაპირზე.

საინტერესოა, რომ ეს კვლევა გამორიცხავს იუპიტერის ციცქნა ყინულოვან მთვარეებს, რადგან ისინი ზედმეტად პატარებია. თუმცა, ძალიან დიდია სიცოცხლის ალბათობა ამ მთვარეების ზედაპირქვეშა ოკეანეებში.
მეცნიერთა აზრით, ჯერ კიდევ აღმოსაჩენია უთვალავი სხვა პლანეტა, რომლებსაც სწორედ შესაბამისი ზომები აქვთ.