FIA-ს შეფი ფორმულა ერთის ელექტრომობილების წინააღმდეგია

358 0

ამჟამად ფორმულა E-ს მეექვსე სეზონი მიმდინარეობს, რომელიც მხოლოდ სრულად ელექტრომანქანებს იყენებს; ამასობაში კი ფორმულა ერთი V6 ტურბო ჰიბრიდი მოდელების ერთგული რჩება, რომლებიც სერვისში 2021 წლამდე, წესების ცვლილებამდე დარჩება.

თუ იმედი გქონდათ, რომ სრულად ელექტრომანქანებს მალე ფორმულა ერთშიც იხილავდით, უნდა გაგაწბილოთ — გამოცემა Autosport-ის ცნობით, საერთაშორისი სავატომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტ ჟან ტოდს არ სჯერა, რომ ელექტროძრავებს ფორმულა ერთის მოთხოვნათა დაკმაყოფილება შეუძლია.

„ამ მომენტისათვის, ფორმულა ერთში შეგვიძლია განვიხილოთ მხოლოდ ჰიბრიდული ძრავები. სრულად ელექტრომობილები შეუსაბამოა. 300 კმ გარბენის მანძილი? ამჟამად არ არსებობს ელექტრომობილი, რომელიც 300 კილომეტრს ფორმულა ერთის სიჩქარით დაფარავს“, — ამბობს ტოდი.

მისივე თქმით, ეს ალბათ ათწლეულების შემდეგ მოხდება, ანდაც შეიძლება, საერთოდაც არ მოხდეს. ტოდის აზრით, ჰიბრიდები სწორი არჩევანია და შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს უფრო მწვანე საწვავით უზრუნველყოფა.
ჟან ტოდს ეთანხმება Mercedes-ის ფორმულა ერთის ძრავის ხელმძღვანელი ენდი კოუელიც.

„საქმე ეხება დაგროვების ტექნოლოგიას. ლითიუმ-იონურ ბატარეებთან დაკავშირებით, ტოდს აბსოლუტურად ვეთანხმები. დღესვე მივესალმებოდი წყალბადის მანქანებს, მაგრამ ისინი ამჟამინდელზე გაცილებით მძიმე და დიდი იქნებოდა, რითაც აშკარად იკარგება ფორმულა ერთის ასპექტი“, — ამბობს კოუელი.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის ნაბიჯები, რომლებსაც 2021 წლისთვის დგამენ, როცა საწვავის 10 პროცენტი ბიოლოგიურად მდგრად საწვავზე უნდა მოდიოდეს.