Ford-ი და FCA კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვებიან – კომპანიები ნიღბების, რესპირატორებისა და სახის დამცავების წარმოებას იწყებენ

1518 0

ახალი კორონავირუსი მსოფლიოში გავრცელებას განაგრძობს და პანდემიასთან ბრძოლაში სულ უფრო მეტი ავტომწარმოებელი ერთვება.

მათ შორის არიან Ford-ი და Fiat Chrysler Automobiles-იც, რომლებიც სასიცოცხლო სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებას იწყებენ.

Ford-მა ხელშეკრულება გააფორმა კომპანია 3M-თან და GE Healthcare-თან. 3M-თან პარტნიორობის ფარგლებში, ორი კომპანია მუშაობს ჰაერის გამწმენდი რესპირატორების წარმოების სწრაფ გაზრდაზე. Ford-ის განცხადებით, რესპირატორების წარმოება შესაძლებელია მიჩიგანის ქარხნებში, რაც 3M-ს პროდუქციის რაოდენობის გაათმაგების საშუალებას მისცემს.

GE Healthcare-თან პარტნიორობა კი ფოკუსირებულია კომპანიის უკვე არსებული სასუნთქი აპარატის გამარტივებულ ვერსიაზე. კომპანიები სხვა დეტალებს არ ამხელენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ წარმოება შეიძლება ორივე კომპანიის ქარხნებში დაიწყოს.

გარდა ამისა, Ford-მა ასევე დაიწყო სახის სრულად დამფარავი გამჭვირვალე დამცავების წარმოება, რომლებიც სამედიცინო პერსონალისა და ცხელ ზონებში მომუშავეებისთვის არის განკუთვნილი.

კვირის ბოლომდე დამზადდება დაახლოებით 75 000 ასეთი დამცავი, შემდეგში კი Ford-ი კვირაში 100 000 ერთეულის წარმოებას ვარაუდობს.

Ford-ი საავადმყოფოებს ასევე ეხმარება დეფიციტში არსებული ქირურგიული და N95 ტიპის ნიღბების მოძიებასა და შესყიდვაში. კომპანიამ ორგანიზაცია „ჰენრი ფორდის სამედიცინო სისტემებს“ უკვე გაუგზავნა 40 000 ქირურგიული ნიღაბი.

„3M-თან და GE Healthcare-თან თანამშრომლობით, გავაძლიერეთ ჩვენი ინჟინრებისა და დიზაინერების ჯგუფები, რათა მოხდეს ამ სასიცოცხლო აღჭურვილობის წარმოების დაუყოვნებლივ ზრდა. ფოკუსირებული ვართ რესპირატორებზე, სახის დამცავებსა და სასუნთქ აპარატებზე, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს სამედიცინო პერსონალს, ცხელ ზონებში მომუშავეებსა თუ ვირუსით ინფიცირებულებს“, — აღნიშნავს განცხადებაში Ford-ის აღმსარულებელი დირექტორი ჯიმ ჰაკეტი.

რაც შეეხება FCA-ს, ავტომწარმოებელი კორონავირუსთან ბრძოლას თვეში მილიონზე მეტი სახის ნიღბის წარმოებით იწყებს.

ქარხანაში შესაბამისი აღჭურვილობა კვირის ბოლომდე დამონტაჟდება და წარმოების დაწყებას კომპანია უახლოეს კვირებში გეგმავს. ნიღბები თავდაპირველად ჩრდილოეთ ამერიკაში გაიგზავნება, სადაც ის საავადმყოფოებსა და საჭიროების მქონე სხვა ორგანიზაციებს გადაეცემა.

FCA-ს აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ მენლის განცხადებით, კომპანიის აქვს სხვა ინიციატივებიც, რომლებსაც უახლოეს დღეებში გააჟღერებს.