კორონავირუსის გამო, Ford-მა ვალენსიის მეგაქარხანა დროებით დახურა

77 0

Ford-მა ესპანეთის ქალაქ ვალენსიის ქარხანა 16 მარტს ერთი კვირით დახურა.

ავტომწარმოებელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქარხანაში დასაქმებულ სამ ადამიანს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. კომპანიის განცხადებით, ყველა თანამშრომელი, რომლებსაც მათთან კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

„მივიღეთ პროტოკოლით გათვალისწინებული სასწრაფო ზომები, მათ შორის, ინფიცირებულ ადამიანთა კონტაქტების იდენტიფიცირება და მათი თვითიზოლაცია. სიტუაციის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გადავდგამთ ყველა შესაბამის ნაბიჯს“, — ამბობს Ford-ის პრესსპიკერი.

ქარხნის გაჩერება სამი დღით ისედაც იყო დაგეგმილი, 18 მარტიდან 20 მარტამდე. თუმცა, COVID-19-ის სამი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, Ford-მა ქარხნის ერთი კვირით დახურვა გადაწყვიტა. კომპანიის განცხადებით, ის სიტუაციას დეტალურად აკონტროლებს.

ვალენსიის ქარხანა Ford-ის უმსხვილესი საწარმოა აშშ-ის გარეთ. დასაქმებულია 7000-ზე მეტი ადამიანი და წელიწადში აწარმოებს 400 000-ზე მეტ მანქანას. მათ შორის არის კომპაქტური SUV-ი Kuga, საოჯახო მანქანა Mondeo, მინივენები S-Max-ი და Galaxy, პატარა ფურგონი Transit Connect-ი.

კიდევ ერთ განცხადებაში Ford-ი აღნიშნავს, რომ შემდგომ შეტყობინებამდე, გლობალური მასშტაბით, დასაქმებულთა დიდი ნაწილი დისტანციურ შრომაზე გადაიყვანა, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომლებსაც კრიტიკული როლი აკისრიათ და რომელთა სამუშაოს შესრულებაც დისტანციურად შეუძლებელია.