Genesis GV80 — მდიდრული SUV-ის პირველი ოფიციალური ფოტოები და დეტალები

279 0

პრეზენტაციის თარიღის მრავალჯერ გადადების შემდეგ, 2020 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, Genesis-მა საზოგადოებას ბოლოსდაბოლოს წარუდგინა ახალი მდიდრული SUV-ის, GV80-ის პირველი ოფიციალური ფოტოები და დეტალები.

კორეული ბრენდის პირველი სპორტული მანქანა კონკურენციას გაუწევს BMW X5-ს, Mercedes-Benz GLE-სა და Audi Q7-ს. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტერნეტში არაერთხელ გაჟონა არაოფიციალურმა ფოტოებმა.

დიზაინი, რომელიც 2017 წლის ნიუ-იორკის ავტოშოუზე GV80 Concept-ში ვიხილეთ, Genesis Design-ის სტუდიებმა შექმნეს სამხრეთ კორეაში, გერმანიასა და აშშ-ში.

გარედან GV80 ათლეტური და დახვეწილია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უფრო წვრილი და მოხდენილი იყო კონცეპტის ცხაური. აქეთ-იქით განლაგებული კვადრატული ფარებით, ეს დეტალი Genesis-ის დიზაინის ახალი ხელწერა გახდა, რაც უკვე ვიხილეთ 2020 წლის G90-შიც.

 

შიგნით Genesis-მა მინიმალისტური იერი და განლაგება არჩია, ხელსაწყოთა პანელის გადატვირთვის გარეშე. კაბინაში ნაკლებად ნახავთ ფიზიკურ ღილაკებს, სამაგიეროდ, არის სენსორული კლიმატკონტროლი და საინფორმაციო სისტემის ვრცელი დისპლეი. ოფიციალურ ფოტოზე ჩანს ხელსაწყოთა ციფრული პანელი, მაგრამ ასევე ვიხილეთ მისი ანალოგური ვერსიაც, რომელიც სავარაუდოდ, მხოლოდ კორეის ბაზარზე იქნება წარმოდგენილი.

ინტერიერის სხვა გამორჩეულ ელემენტებს შორის არის წინა ნაწილის გასწვრივ გადაჭიმული წვრილი საჰაერო ხვრელები, ორსხივიანი საჭე. დაუყოვნებლივ მოგხვდებათ თვალში გადაცემათა გადართვის ბერკეტის არარსებობა, რომლის ნაცვლადაც Genesis-მა საიუველირო ნაკეთობის მსგავსი მბრუნავი ელექტრო ბერკეტი ჩააყენა. მსგავს მოწყობილობას საკუთარ მანქანებში ტრადიციული ბერკეტის ნაცვლად უკვე იყენებს Jaguar-ი. Genesis-ის განცხადებით, GV80 შეთავაზებული იქნება სავარძლების ორ და სამრიგიანი განლაგებებით.

ძალური გადაცემის სისტემა

სედანი ძმის მსგავსად, ახალი GV80 ეფუძნება Genesis-ის ბრენდისთვის უნიკალურ, უკანა წამყვანი თვლების მქონე პლატფორმას, მომხმარებლის არჩევანზე იქნება ოთხივე წამყვანი თვალი. ძალური გადაცემის სისტემის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ დადასტურებულა, მაგრამ სამხრეთ კორეიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, მშობლიურ ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება ძრავის სამნაირი ვერსია.

თავდაპირველად გაეშვება 3.0-ლიტირიანი V6 ტურბოდიზელი 274 ცხენის ძალითა და 589 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტით, რომელიც შეწყვილდება 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან; 100 კმ/სთ-ს 6,8 წამში განავითარებს.

რამდენიმე კვირის შემდეგ მას შეუერთდება 2.5-ლიტრიანი ტურბოჩაბერვიანი ოთხცილინდრიანი ძრავა 300 ცხენის ძალითა და 422 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტით; 100 კმ/სთ-ს 6,9 წამში განავითარებს. დიაპაზონის სათავეში კი მოექცევა 3.5-ლიტრიანი ტურბოჩაბერვიანი V6 ძრავა 375 ცხენის ძალითა და 530 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტით; 100 კმ/სთ-ს 5,7 წამში განავითარებს.

Genesis-ის განცხადებით, GV80 გლობალურად 2020-წელს გაეშვება; გაყიდვები თავდაპირველად მშობლიურ ბაზარზე, სამხრეთ კორეაში იანვარში დაიწყება. აშშ-ში დებიუტი აპრილში, ნიუ-იორკის ავტოშოუზე შედგება.