ახალი კორონავირუსის გამო ჟენევის მოტორშოუ გაუქმდა

287 0

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 15 მარტამდე ყველა ის ფართომასშტაბიანი ღონისძიება აკრძალა, რომელშიც 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაუქმდა ჟენევის მოტორშოუც. შოუს ორგანიზატორებმა გაუქმების შესახებ სპეციალურად გამართულ პრესკონფრენციაზე განაცხადეს.

„ფედერალური საბჭოს მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის დაცვაა. ამ გადაწყვეტილებით ის ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებას პასუხობს. ვწუხვართ, გაცნობოთ, რომ 2020 წლის ჟენევის შოუ უქმდება; ეს გახლავთ ფორსმაჟორი“, — განაცხადეს შოუს ორგანიზატორებმა.

ჟენევის მოტორშოუს მსოფლიო პრესისთვის კარი 2 მარტს უნდა გაეხსნა და 15 მარტამდე გაგრძელებულიყო. ევროპაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, სხვადასხვა ავტომწარმოებელს გაუქმებამდეც უკვე შემცირებული ჰქონდა ღონისძიებაზე გასაგზავნი სტაფის რაოდენობა.

გაყიდული ბილეთების საფასური მყიდველებს უკან დაუბრუნდებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპის უდიდესი ავტოშოუ სრულიად გაუქმებულია და წლის ბოლომდე არ დაბრუნდება.

„შოუს გადადება შეუძლებელია, რადგან ის ძალიან დიდია და ეს არ მოხერხდება“, — აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ამ დროისათვის შვეიცარიაში ახალი კორონავირუსით 22 ადამიანია ინფიცირებული.