კორონავირუსის გამო, გლობალური საავტომობილო წარმოება წელს შეიძლება 1,4 მლნ მანქანით შემცირდეს

18 0

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, დაიხურა ქარხნები ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ორგანიზაცია IHS Markit-ის კვლევის მიხედვით, ამ ყველაფრის შედეგად, ავტომობილების გლობალური წარმოება წელს შეიძლება 1,4 მილიონი მანქანით შემცირდეს.

COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, მსოფლიოს საავტომობილო ქარხნებმა წარმოების დროებით შეწყვეტა და ქარხნების დეზინფექცია გადაწყვიტეს. ასეთმა შეფერხებამ, რაც შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში სულ მცირე სამი კვირა გაგრძელდეს, შესაძლოა, ავტომწარმოებლებში მყისიერი ფულადი კრიზისი წარმოქმნას.

IHS Markit-ის კვლევის მიხედვით, ევროპაში, სადაც მანქანების აწყობის ოპერაციები საშუალოდ 13 სამუშაო დღით შეჩერდა, შეიძლება, წარმოება 880 000 ავტომობილით შემცირდეს, ჩრდილოეთ ამერიკაში კი 480 000 მანქანით.

ამავე კვლევის მიხედვით, პანდემიის შესაჩერებლად ბრაზილიასა და არგენტინაში შემოღებულმა ზომებმა წარმოება შეიძლება 80 000 ავტომობილით შეამციროს.

უცნობია, გაგრძელდება თუ არა წარმოება თავდაპირველი დახურვის შემდეგ. IHS Markit-ის კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარმოება მხოლოდ ამ მაჩვენებლებით შემცირდება, გამოიწვევს მთელ რიგ შემდგომ პრობლემებს.

Ford-ი, General Motors-ი და Fiat Chrysler-ი აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოებას დაახლოებით ორი კვირით აჩერებენ, რისი მიზეზიც United Auto Workers-ის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა გახდა; ორგანიზაცია ეპიდემიისგან დასაქმებულების დაცვისათვის უსაფრთხოების პროტოკოლების გაუმჯობესებას ითხოვს.

COVID-19-ის პანდემიის გამო მცირდება მანქანებზე მოთხოვნა, ამას ემატება წარმოების შეჩერებაც, რამაც ავტომწარმოებლებს შეიძლება ფულადი სახსრების პრობლემა შეუქმნას. ორგანიზაცია RBC Capital Markets-ის პროგნოზით, კორონავირუსმა გლობალური ავტოწარმოება 2020 წელს შეიძლება 16 პროცენტით შეამციროს.

ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსმა მსოფლიოში დააინფიცირა 335 000-ზე მეტი ადამიანი, 14 500-ზე მეტი კი გარდაიცვალა.