Hyundai-ს დატენვად ჰიბრიდ Tucson-ს 261 ცხენის ძალა ექნება და ელექტრორეჟიმში 50 კმ-ს გაივლის

50 0

როგორც იქნა, Hyundai ახალი Tucson-ის დატენვადი ჰიბრიდი (plug-in) ვერსიის შესახებ მეტ დეტალს აქვეყნებს. მოდელი ევროპაში 2021 წლის გაზაფხულიდან გაეშვება.

ახალი Hyundai Tucson-ის ყველაზე დიდად ელექტრიფიცირებულ ვერსია აერთიანებს 1.6-ლიტრიან ბენზინის Smartstream ტურბოძრავას 177 ცხენის ძალით, 90 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავას და 13,8 კვტ/სთ ლითიუმ-პოლიმერულ ბატარეებს. ჯამში, სისტემის სიმძლავრე 261 ცხენის ძალა და 350 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტია.

Hyundai-ს შეფასებით, ახალი დატენვადი ჰიბრიდი Tucson-ი ელექტრორეჟიმში 50 კლომეტრს გაივლის. მანქანას მოყვება 7,2 კილოვატიანი დამტენი, მაგრამ კომპანია დატენვის დროის შესახებ ჯერ არაფერს ამბობს.

ახალი დატენვადი ჰიბრიდი Tucson-ი იყენებს ექვსსიჩქარიან shift-by-wire ავტომატურ გადაცემათა კოლოფს და სტანდარტულ HTRAC ოთხივე წამყვანი თვლის სისტემას. გაუმჯობესებულია ჰაერის წინაღობის დეტალები და საწვავის ეკონომია.

გარდა ამისა, ახალ მანქანას საკმაოდ დიდი სივრცე აქვს უკანა მგზავრებისთვის და საბარგულში. მაღალი ძაბვის ბატარეების წყება ძარის ქვეშ არის ჩამონტაჟებული.

ოთხივე წამყვანი თვლის სისტემა HTRAC-ის წყალობით, ახალ Tucson-ს აქვს Terrain Mode გადამრთველი, რომელსაც შეუძლია ენერგიის, მგრეხი ძალისა და მუხრუჭების ოპტიმიზება, რაც გზის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

არჩევანის სახით Hyundai გვთავაზობს ელექტრონულად კონტროლირებად საკიდარს, რომელიც ადაპტურ ამორტიზატორებზეა დამატებული და მძღოლს მისი დაყენება ეკო და სპორტული რეჟიმის არჩევით შეუძლია.