Lamborghini-ს და Bugatti ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისი კომპანიები შიგაწვის ძრავებს რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნებენ

395 0

გამონაბოლქვის სტანდარტები მთელ მსოფლიოში სულ უფრო მკაცრდება და ეს საკითხი დიდ თავსატეხს უჩენს დიდი მოცულობის შიგაწვის ძრავების ისეთ მწარმოებლებს, როგორებიც არიან Lamborghini და Bugatti. თუმცა, ორივე ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ვინკელმენი აცხადებს, რომ ყველანაირ გზას გამონახავს, რათა შიგაწვის ძრავები ცოტათი უფრო დიდხანს შეინარჩუნოს.

ცოტა ხნის წინ Top Gear-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ვინკელმენს ჰკითხეს, როგორი იქნება Bugatti-ში შიგაწვის ძრავების ბედი, რადგან ბრენდს მომავალში გარდაუვლად მოუწევს ელექტრომობილების წარმოების დაწყება.

„Chiron-ი კოლექციონერთა ნივთია. ის ალბათ ამ სახის ბოლო მანქანა იქნება. მომავალ ათწლეულებში ის თავის ღირებულებას შეინარჩუნებს ან გაზრდის. ის თანამედროვე საავტომობილო ტექნოლოგიების პიკია. შესაძლოა, ამ სახის შიგაწვის ძრავა ბოლოჯერ გაკეთდა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ Chiron-ის საშუალო კილომეტრაჟი წელიწადში მხოლოდ ათასზე ცოტა მეტია. დაბალი წარმოების მანქანაა, წელიწადში 100-ზე ნაკლები ერთეული. შესაბამისად, გამონაბოლქვზე ის მსოფლიოში დიდ გავლენას ვერ ახდენს. გამომდინარე აქედან, თუ შესაძლებელია, ჩვენ მასში შიგაწვის ძრავას იმდენ ხანს შევინარჩუნებთ, რამდენიც შესაძლებელი იქნება“, — ამბობს ვინკელმენი.

უცნობია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ Lamborghini-ს, Bugatti-ს და სხვა მსგავს კომპანიებს საკუთარი ძრავების ტევადობის ან ცილინდრების შემცირება მოუწევთ, მაგრამ ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა ტრადიციულ ავტომობილთა ფანებისთვის.

რა თქმა უნდა, გარდაუვალი ჩანს, რომ უახლოეს ათწლეულებში ასეთი ძალური აგრეგატის მქონე მანქანები ამგვარ კომპანიათა საავტომობილო ხაზებში მხოლოდ მცირე წილს დაიკავებს. ვინკელმენმა Top Gear-ს განუცხადა, რომ Bugatti ნამდვილად მუშაობს სრულად ელექტრო მანქანაზე და ასეთ ავტომობილს ბრენდის მომხმარებლები კარგად მიიღებენ.