Toyota და Lexus-ი 2021 წელს სავარაუდოდ სამ ელექტრომობილს გამოუშვებენ

75 0

Toyota და მისი მდიდრული ბრენდი Lexus-ი 2021 წელს სამი ელექტრომობილის გამოშვებას აპირებენ. ამის შესახებ გამოცემა Autocar-ი იუწყება.

ბრიტანული გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ იაპონური ავტომწარმოებლები აქტიურად განიხილავენ, მათი რომელი მოდელები მიიღებენ უახლოეს წლებში ელექტრო ძალური გადაცემის სისტემებს. პორტალის ცნობით, გზაშია ორივე მოდელის plug-in ჰიბრიდების სერიაც.

რამდენიმე დღეში, ტოკიოს მოტორშოუზე შედგება თვალისმომჭრელი Toyota LQ კონცეპტისა და იდუმალებით მოცული ახალი ელექტრო Lexus-ის პრემიერა.

მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში Toyota-მ RAV4-ის plug-in ჰიბრიდი წარმოადგინა, გაჩნდა ვარაუდი, რომ Lexus-ის SUV მოდელები, მაგალითად NX-ი სამომავლოდ სწორედ მის ძალურ გადაცემის სისტემას მიიღებენ.

უახლესი RX-ის გამოშვებაზე საუბრისას, Lexus-ის უფროსი ინჟინრის მოადგილე SUV-ების მიმართულებით, ნაიოშა ჰატამ აღნიშნა, რომ Lexus-ის ბრენდს გააჩნია ყველა ტექნოლოგია, რათა მრავალი plug-in ჰიბრიდი გამოუშვას, მაგრამ ისინი უბრალოდ შესაფერის დროს ელოდებიან.

ახალი ელექტრო მოდელებისა და plug-in ჰიბრიდების გამოშვება Toyota-ს CO2-ის გამოყოფის შემცირებაში დაეხმარება, განსაკუთრებით კი ევროპის ბაზარზე, სადაც სტანდარტები საკმაოდ გამკაცრდა.