მიხაელ შუმახერი პარიზის კლინიკიდან გაწერეს

215 0

ექსპერიმენტული მკურნალობის შემდეგ, მიხაელ შუმახერმა პარიზის ჟორჟ პომპიდუს ჰოსპიტალი დატოვა. ავტორბოლის ლეგენდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ მეტი დეტალი უცნობია.

ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, ფორმულა ერთის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი პარიზის კლინიკაში ყალბი გვარ-სახელით იყო მოთავსებული. მკურნალობის კურსი მოიცავდა ღეროვანი უჯრედებით ექსპერიმენტულ ქირურგიას. საავადმყოფოს ანონიმურმა თანამშრომელმა გაზეთს დაუდასტურა, რომ შუმახერი მართლაც მათთან მკურნალობდა. ამავე წყაროს ცნობით, მკურნალობის შემდეგ, შუმახერი გონზე მოვიდა.

ავტორბოლის ლეგენდას პროფესორი ფილიპ მენაში მკურნალობდა. 69 წლის ქირურგი კარგად არის ცნობილი, რადგან მან მსოფლიოში პირველად, გულის უკმარისობის მქონე პაციენტს ემბრიონული უჯრედების ტრანსპლანტი ჩაუდგა.

გავრცელებული ინფორმაციით, შუმახერი კლინიკას ადრეც ორჯერ სტუმრობდა ვერტმფრენით.

გერმანელი ლეგენდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკაცრად არის გასაიდუმლოებული 2013 წლის შემდეგ, როცა თხილამურებით სრიალის დროს მან მან თავის ქალის მძიმე დაზიანება მიიღო.

ინციდენტის შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში, შუმახერი მედიკამენტოზურად გამოწვეულ კომაში იყო.

2014 წლის ივნისში ის საავადმყოფოდან გაწერეს და მკურნალობას შვეიცარიაში, ჟენევის ტბის სიახლოვეს მდებარე საკუთარ სახლში აგრძელებდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტორბოლის ლეგენდა პარალიზებული იყო; მისი მკურნალობა კი კვირაში 115 000£ ჯდებოდა.