როგორ ამზადებენ Tesla-ს ინჟინრები Model 3-ის ნაწილებისგან რესპირატორებს

209 0

ორი კვირის წინ, აშშ-ის ჯანდაცვის სისტემას ილონ მასკმა Tesla-ს წარმოების 1000 ვენტილატორი გადასცა; თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი საჭირო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა და ავტომწარმოებელიც ხარვეზის გამოსწორებას შეუდგა.

Tesla ამ პროცესის ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს. კადრებში ჩანს, როგორ ახდენენ კომპანიის ინჟინრები Tesla-ს ნაწილების გადაკეთებას COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთათვის საჭირო რესპირატორებად. იგივე საქმიანობა დაიწყეს Ford-მა და General Motors-მაც, რადგან ავტომწარმოებლებს მუდმივად აქვთ იმ ნაწილების მარაგი, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია ასეთი რესპირატორების დამზადება.

„ჩვენ შევქმენით ვენტილატორის საკუთარი დიზაინი, რომელიც ძირითადად Tesla-ს მანქანების ნაწილებზეა დაფუძნებული. გვსურს გამოვიყენოთ ის ნაწილები, რომლებიც ვიცით, რომ საუკეთესოა, რომლებსაც ვენდობით და თანაც, გვაქვს საკმარისი მარაგი და საქმის კეთებაც სწრაფად შეგვიძლია“, — ამბობს Tesla-ს ინჟინერიის მიმართულების დირექტორი ჯო მარდალი.

ინჟინრები გვაჩვენებენ პირველად პროტოტიპს, რომელიც იწყება შერევის კამერით — მოწყობილობით, რომელიც Tesla-ს მანქანებში ერთ ადგილას უყრის თავს სხვადასხვა ტემპერატურის მქონე რამდენიმე აირს. რესპირატორში ის გამოყენებულია საავადმყოფოს მასშტაბის აირების, ძირითადად ჟანგბადის შესარევად, რომელიც გაივლის წნევის რამდენიმე სენსორსა და ფილტრს. ამოსუნთქული ჰაერი უკან ბრუნდება სხვა მილებითა და სენსორებით.

ვენტილატორის დასრულებულ მოდელს მართავს Tesla Model 3-ის საინფორმაციო სისტემა. კონსოლის დისპლეი გადაკეთებულია სენსორულ მონიტორად. მასზე გამოსახულია პაციენტის ფილტვებში ჰაერის წნევის, ნაკადისა და მოცულობის ამსახველი გრაფები. ჰაერის ნაკლებობის შემთხვევაში, გრაფაზე ჩნდება შესაბამისი სიმბოლო.

გარდა ამისა, ინჟინრებმა გადააკეთეს Model 3-ის მართვის ბლოკიც, რომელიც ამ შემთხვევაში აირს სამი სხვადასხვა გზით აკონტროლებს: 1) მხოლოდ წნევას; 2) მხოლოდ მოცულობას; 3) წნევით რეგულირებულ მოცულობას. ამ ყველაფრის წყალობით, უზრუნველყოფილია საკმაოდ მოქნილი დატვირთვა, რაც პაციენტის საჭიროებებზეა დამოკიდებული.

ამას გარდა, ჟანგბადის ავზი სარეზერვო სისტემის საფუძველსაც ქმნის. სარეზერვო ბატარეასთან და ჰაერის კომპრესორთან ერთად, სისტემა სამედიცინო პერსონალს დამატებით 20-40 წუთს აძლევს, რა დროის განმავლობაშიც მათ შეუძლიათ პაციენტი სხვა რესპირატორთან გადაიყვანონ, თუ მოწყობილობა მწყობრიდან გამოვა.

მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია, კომპანიის ეს ნაბიჯი ნამდვილად იმედისმომცემია ახლა, როდესაც მთელ მსოფლიოში სასუნთქი მოწყობილობების დეფიციტია.