გაიცანით ახალი Alfa Romeo Giulia GTA და GTAm — მონსტრები 532 ცხენის ძალით

380 0

თუკი 510 PS Giulia Quadrifoglio თქვენთვის საკმარისი არ იყო, Alfa Romeo-ს დიდი სიურპრიზი აქვს მისი სპორტული სედანების ფანებისთვის.

სხვათა შორის, მას ორი დიდი სიურპრიზი აქვს, რადგან Giulia არა ერთი, არამედ ორი ლიმიტირებული ფორმით გამოვა, Quadrifoglio-ს სერიის უსწრაფესი ვარიანტებით. მათი სახელები GTA და GTAm იქნება და გამოიყურებიან აბსოლუტურად სენსაციურად.

სახელგანთქმული GTA (Gran Turismo Alleggerita) Giulia GTA-სა და Giulia GTAm-ის სტილით ბრუნდება. 2021 წლის Alfa Romeo GTA ტექნიკურად და კონცეპტუალურად შთაგონებულია 1965 წელს Autodelta-ს მიერ შექმნილი Giulia GTA-თი, ეფუძნება Giulia Quadrifoglio-ს და წარმოდგენილია ორი სახით: სტანდარტული Giulia GTA და უმაგრესი Giulia GTAm.

ორივე მათგანი აღჭურვილია Alfa Romeo-ს განახლებული 2.9-ლიტრიანი V6 Bi-Turbo ძრავით, რომელიც 532 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 30 ცხენის ძალით მეტს, ვიდრე Giulia Quadrifoglio.

Giulia GTA-ს შექმნისას Alfa Romeo-ს ინჟინრების მთელი ძალისხმევა მიმართული იყო აეროდინამიკისა და ექსპლუატაციის გაუმჯობესებაზე, უმთავრესი აქცენტი კი წონის შემცირებაზე გაკეთდა. აქტიური აეროდინამიკა სპეციალურად განახლდა იმისათვის, რათა გაზრდილიყო მიმჭერი ძალა (ავტომანქანის აეროდინამიკური ელემენტების მიერ შექმნილი ქვემოთ მიმართული ძალვა, რომელიც მის გზასთან შეჭიდულობას აძლიერებს), რისთვისაც ფორმულა ერთის ნოუ-ჰაუ გამოიყენეს. გვერდითა გარსშემომდენებს, სპეციფიკურ უკანა სპოილერსა და აქტიურ წინა გამყოფს — ინჟინრებმა ყველას ერთნაირი მისია დააკისრეს.

GTAm: უფრო მსუბუქი და ფოკუსირებული

Giulia GTAm გამოირჩევა ფართო წინა გამყოფითა და ნახშირბადის უკანა ფრთით, რომელიც, Alfa Romeo-ს შეფასებით, უზრუნველყოფს „დატვირთვის ბრწყინვალედ დაბალანსებას მაღალ სიჩქარეზე“.

მართვის გასაუმჯობესებლად, Alfa Romeo-მ წინა და უკანა დისკები 50 მილიმეტრით გააფართოვა და შექმნა ზამბარებისა და ამორტიზატორების ახალი წყება, ასევე ახალი მილისი (სრიალის საკისდის სახეობა).

შედეგად მივიღეთ მსუბუქი დეტალები, რომელთა შორის არის ნახშირის ბოჭკოს კაპოტი, სახურავი, წინა ბამპერი, წინა თვლების თაღები, უკანა თვლების შუასადებები, ტიტანის Akrapovic-ის ცენტრალური გამოსაბოლქვი სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია ნახშირბადის ბოჭკოს ახალ უკანა დიფუზერთან, და ბოლოს — 20-ინჩიანი დისკები, პირველად Alfa Romeo-ს სედანებში.

ინტერიერი

წონის დაზოგვა შიგნითაც გრძელდება: ალკანტარას ტრიმი ხელსაწყოთა პანელზე, კარის შიდა პანელებზე, სანივთე განყოფილებაზე, გვერდითა დგარებზე და სავარძლებზე. Giulia GTAm-ში Alcantara-ს მსგავსად უხვად არის გამოყენებული ნახშირბადის ბოჭკოს ჩანართები, თუმცა, წონის რეალური დაზოგვა უკანა სავარძლის ჩაღრმავებებზე მოდის, სადაც ტავისუფლად ხერხდება ჩაფხუტებისა და ცეცხლმაქრობების შენახვა.

Giulia GTAm-ის რადიკალური თავისებურების სხვა კომპონენტებს შორის არის დამცავი ძელი, კარის პანელების არარსებობა და ლენტები კარის სახელურების ნაცვლად. წონის დაზოგვისკენ მიმართულ ძნელად შესამჩნევ ლემენტებს შორის უნდა აღინიშნოს წამყვან ლილვსა და სპორტულ სავარძლებში გამოყენებული ნახშირბადის ბოჭკო, ძრავაში, კარებსა და საკიდრის სისტემში გამოყენებული ალუმინი. მანქანის მასშტაბით ასევე გამოყენებულია სხვადასხვა მასალები, მაგალითად, ლექსანი — უნიკალური პოლიკარბონატული რეზინი, რომელიც ავტოსპორტში გვერდითა და უკანა ფანჯრების ჩარჩოებში გამოიყენება.

გამოვა მხოლოდ 500 ეგზემპლარი

საერთო ჯამში, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Giulia Quadrifoglio-სთან შედარებით დაზოგილია 100 კგ, რის შედეგადაც, Giulia GTA-სა და GTAm-ის მასა 1520 კილოგრამია. ალბათ არ იქნება გასაკვირი თუ გეტყვით, რომ 100 კმ/სთ-ს გასავითარებლად ორივე მოდელს სულ რაღაც 3,6 წამი სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ Alfa Romeo GTA-სა და GTAm-ის მხოლოდ 500 ეგზემპლარს გამოუშვებს. თითოეული მათგანი დანომრილი და სერტიფიცირებული იქნება.

შეკვეთების მიღება უკვა დაწყებულია.