ახალი Infiniti QX55 კროსოვერ-კუპეს წარმოების დაწყება 5 თვით გადაიდო, 2020 წლის ნოემბრამდე

30 0

Infiniti დიდ იმედებს ამყარებს მომავალ კუპე კროსოვერ QX55-ზე, მაგრამ ავტომწარმოებელი იძულებული გახდა, წარმოების დაწყება ხუთი თვით გადაედო.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, QX55-ის წარმოება 2020 წლის ივნისში უნდა დაწყებულიყო, მექსიკის ქალაქ აგუასკალიენტესის ქარხანაში, რომელიც Nissan-ისა და Daimler-ის ერთობლივი საკუთრებაა. თუმცა, 13 იანვრით დათარიღებული წერილით Nissan-მა მიმწოდებლები გააფრთხილა, რომ წარმოების დაწყების თარიღმა 2020 წლის ნოემბრამდე გადაიწია.

ავტომწარმოებელი წერილში დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ გაჩნდა საწარმოს შესაძლებლობებში დარწმუნების აუცილებლობა. გამოცემა Autonews-ი დეტალებისთვის Infiniti-ს დაუკავშირდა, მაგრამ მდიდრული ბრენდის პრესსპიკერისგან მეტად ორაზროვანი პასუხი მიიღო.

გეგმის მიხედვით, Infiniti QX55 აშშ-ში დილერებს ამ ზაფხულს უნდა ჩაბარებოდათ QX50 კომპაქტური კროსოვერის კუპეს მსგავსი ვერსიის სახით. მაგრამ გაუთვალისწინებელი გადადება ნიშნავს იმას, რომ მოდელი მომხმარებლებთან 2020 წლის დეკემბრამდე ვერ მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ Infiniti-ს გაყიდვები 2019 წელს აშშ-ში 21,1 პროცენტით შემცირდა და 117,708 ერთეული შეადგინა. ცუდი ის არის, რომ 27 პროცენტით შემცირდა ბრენდის უახლესი პროდუქტის, QX50-ის გაყიდვებიც.

იაპონური პრემიუმ ავტომწარმოებლის განზრახვა QX55-თან დაკავშირებით არის კონკურენცია Mercedes-Benz GLC Coupe-სა და BMW X4-თან. ახალ მოდელს ექნება პირველი თაობის Infiniti FX-ით შთაგონებული დამრეცი სახურავი და წინა ბამპერის და ცხაურის განსხვავებული დიზაინი, რათა ის QX50-სგან განსხვავდებოდეს.

არაფერი შეიცვლება ზედაპირქვეშ, რადგან QX55-ს საერთო საფუძვლები იქნება QX50-თან; მათ შორის არის 268 ცხენის ძალის მქონე 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავა.