Nissan Z-ს შეიძლება რეტრო დიზაინი და 400 ცხენის ძალა ჰქონდეს

114 0

Nissan-ი ახალ Z-ზე მუშაობს და მომავალი სპორტული მანქანის შესახებ გარკვეული დეტალები უკვე ცნობილი ხდება.

გამოცემა Autoblog-ი იმ რამდენიმე დილერს ესაუბრა, რომლებმაც მოდელი უკვე ნახეს; მათი თქმით, მას „მემკვიდრეობით შთაგონებული“ დიზაინი აქვს, რომელსაც Z-ის ფესვებთან მივყავართ.

დეტალები უცნობია, მაგრამ სტატიის მიხედვით, მოდელს ექნება რეტროთი შთაგონებული წინა ბამპერი, რომლითაც 240Z-ს მოგვაგონებს. მანქანას ექნება მართკუთხა ცხაური და წრიული სანისლე ფარები.

რეტრო დიზაინი გრძელდება უკანა ნაწილშიც, მაგრამ წინა ნაწილისგან განსხვავებით, მას არც თუ ისე ძველებური შეხედულება ექნება. გავრცელებული ინფორმაციით, მოდელს 300ZX-ის მსგავსი უკანა გაბარიტული ფარები ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ წინა და უკანა ბამპერები მნიშვნელოვნად განახლდება, ზოგადი ფორმა და სილუეტი მაინც ამჟამინდელი მოდელის მსგავსი იქნება.

შიგნით უნდა ველოდოთ სრულიად ახალ სალონს თანამედროვე საინფორმაციო სისტემით, რაც სტანდარტის სახით იქნება წარმოდგენილი.

არც თუ ისე სასიამოვნო ამბავი კი ის არის, რომ სავარაუდოდ, სალონი Altima-ს კვალს მიჰყვება. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ველოდოთ მაღალი ხარისხის მასალებს, მაგრამ უცნობია, შენარჩუნდება თუ არა ამჟამინდელი მოდელის სპორტული დეტალები.

კაპოტს ქვეშ უნდა ველოდოთ ორმაგ ტურბო 3.0-ლიტრიან V6 ძრავას. ეს კი სულაც არაა გასაკვირი, რადგან Infiniti-ს უკვე აქვს ორმაგი ტურბო 3.0-ლიტრიანი V6 ძრავა, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ძრავა დაკავშირებული იქნება ცხრასიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან, მაგრამ თუ ჭორებს დავუჯერებთ, უნდა ველოდოთ მექანიკურ ტრანსმისიასაც. ეს შეიძლება მართლაც არ იყოს გამორიცხული, რადგან 2018 წელს Nissan-მა წარმოადგინა Project Clubsport 23, რომელიც აღჭურვილია ორმაგი ტურბო 3.0-ლიტრიანი VR30DDTT V6 ძრავითა და 370Z Nismo-ს ქვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით.

თუმცა, იმ დროისათვის Nissan-ი აღნიშნავდა, რომ ეს ნამდვილად გამოწვევა იყო, რადგან ეს ძრავი არასოდეს იყო შეწყვილებული მექანიკურ ტრანსმისიასთან. კომპანიის განცხადებით, დროის უდიდესი ნაწილი იმის შემოწმებამ წაიღო, რომ დარწმუნებულიყვნენ, სათანადოდ „ეკონტაქტებოდნენ“ თუ არა ერთმანეთს ძრავა და ტრანსმისია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალ Nismo ვარიანტს შეიძლება 500 ცხენის ძალა ჰქონდეს.