ახალი UNI T — ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჩინური კროსოვერი

28 0

ჩინეთში ახალი ავტომწარმოებელი გამოჩნდა, სახელად UNI.

გამოცემა Car News China-ს ცნობით, UNI გაუშვა ადგილობრივმა ავტომწარმოებელმა Changan Automobile-მა, რომელიც ამჟამად Ford-თან საერთო საწარმოა, თუმცა ბოლო პერიოდამდე საერთო საწარმო იყო PSA Group-თანაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრენდი UNI ახალგაზრდა მომხმარებელთა მისაზიდად შეიქმნა. მის პირველ მოდელს, UNI T-ს, რომელსაც მწარმოებელი აპრილში, პეკინის ავტოშოუზე წარმოადგენს, აქვს პრიალა კროსოვერის იერი.

სიგრძეში ის 4515 მილიმეტრია, სიგანეში 1870 მმ, თვლების ბაზა (მანძილი წინა და უკანა ღერძების თვლების ცენტრებს შორის) 2710 მმ-ს შეადგენს. UNI T საკმაოდ კომპაქტურია, თუმცა ოფიციალურ ფოტოებზე არც ისე პატარა ჩანს.

წინა ბამპერების დიზაინის გამორჩეული მახასიათებელია დამაინტრიგებელი ცხაური, თხელი LED ფარები და ნარინჯისფერი აქცენტები. კაშკაშა ნარინჯისფერ გადაწყვეტებს შენიშნავთ გრძელ სახურავზეც. კროსოვერის წინა კარების სახელურები ჩამჯდარია ძარის დონეზე, უკანა სახელურები კი უკანა დგარებზეა მოთავსებული, Honda HR-V-სა და Toyota C-HR-ის მსგავსად.

კროსოვერის უკანა ნაწილი გამოირჩევა აგრსეიული გაბარიტული ფარებით, ორი თვალწარმტაცი სპოილერით სახურავის დაბოლოებაზე, ოთხი გამოსაბოლქვი მილითა და დიფუზორით.

წარმოდგენილი იქნება ორი ძრავა: 1.5-ლიტრიანი ტურბო და 2.0-ლიტრიანი ტურბო ოთხი ცილინდრით. ფასი ჯერჯერობით უცნობია.