შესაძლებელია თუ არა, რომ შემდეგი Nissan GT-R შუაძრავიანი სუპერმანქანა იყოს

289 0

მაშინ, როცა Chevrolet Corvette-ის ძრავის კონფიგურაცია წინიდან შუისკენ შეიცვალა, შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ტენდენციას სხვა პოპულარული წინაძრავიანი სპორტული მანქანებიც მიყვნენ?

Chevrolet გამუდმებით ციტირებს ფაქტს, რომ C7-ის შემთხვევაში, მან მიაღწია ზღვარს, რისი გაკეთებაც შეუძლია წინ განთავსებული დიდი ძრავის მქონე მანქანას და ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი ძრავის შუა ნაწილში გადატანა იყო.

თუკი დავასახელებთ ერთ მანქანას, რომელმაც წინა ძრავის კონფიგურაციით ბოლო წლებში ექსტრაორდინარულ სიმაღლეებს მიაღწია, ეს ნამდვილად არის R35-თაობის Nissan GT-R, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ გამოვიდა და დღემდე მყარი პოზიციები უჭირავს.

მსოფლიო აქტიურად ითხოვს GT-R-ის მემკვიდრეს, მაგრამ მწარმოებელი ამ საკითხზე კვლავ დუმს. მიუხედავად ამისა, J.B. Cars-მა წარმოადგინა რენდერები, რომლებიც ასახავს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ახალი GT-R-ი, თუკი Nissan-ი Chevrolet-ს ტენდენციას მიჰყვება და ძრავას შუაში გადაიტანს.

ასეთი ექსტრაორდინარული წარმადობისთვის ამჟამინდელი R35 GT-R-ი საკმაოდ მაღალი მანქანაა და შესაბამისად, თუკი შემდეგი თაობის მოდელი შუაძრავიანი იქნება, Nissan-ს აუცილებლად მოუწევს მისი სახურავის ხაზის დადაბლება. გარდა ამისა, რენდერები მოიცავს ახალი დიზაინის მქონე კარებს, რომლებიც ჰაერის ნაკადს უკანა ბორბლების თავზე განთავსებული ჰაერმიმღებებისკენ მიმართავს მანქანის მძლავრი ძრავის მოსამარაგებლად.

რენდერებზე უკანა ნაწილში შენარჩუნებულია ამჟამინდელი მოდელის გაბარიტული ფარები და უკანა ფრთა, თუმცა ცენტრალური საყრდენის გარეშე; C7 Corvette-ის მსგავსად, იქვე დაინახავთ ოთხ გამოსაბოლქვ მილს.