Nissan-ი ახალ Z სპორტულ მანქანას ამზადებს, რომელსაც სავარაუდოდ 400Z ერქმევა

198 0

უკვე შეუძლებელია იმის დათვლა, რამდენჯერ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ Nissan-ი ახალი თაობის Z სპორტულ მანქანაზე მუშაობს, მაგრამ როგორც ჩანს, ამჯერად ეს ამბავი ნამდვილად რეალურია.

ასეთ კარგ ამბავს გამოცემა Autocar-ი ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მანქანა მომავალ წელს გამოვა. გეგმის მიხედვით, ეს 2020 წლის ბოლომდე უნდა მომხდარიყო, თუმცა, COVID-19-ის პანდემიამ ეს ამბავი 2021 წლისთვის გადასწია.

გამოცემა დარწმუნებულია, რომ მანქანას 400Z ერქმევა და შეიძლება ჰქონდეს დიზაინშეცვლილი Z ემბლემა რეტრო ფონტით, Datsun 240Z-ის მსგავსად. ახალი ლოგოსთვის Nissan-მა სავაჭრო მარკის განაცხადი უკვე შეავსო კანადაში; ლოგო 240Z-ის მსგავს ცხვირზე განთავსდება. გავრცელებული ინფორმაციით, უკანა გაბარიტული ფარები 300ZX-ის მსგავსი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც Toyota GT86-ის ინტერიერზე უფრო მოხდენილია, 370Z-ის ინტერიერი უკვე დიდი ხნისაა. Nissan-ი სერიოზულ ცვლილებებზე მუშაობს, რის შედეგადაც, ვიხილავთ განახლებული დიზაინის ხელსაწყოთა პანელს შუაში განთავსებული თანამედროვე საინფორმაციო სისტემით და საზომ ხელსაწყოთა ციფრულ ბლოკს. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საგრძნობლად იქნება გაუმჯობესებული მანქანის მთლიანი ხარისხი, უფრო მეტი პრემიუმ მასალით, რაც სრულ შესაბამისობაში იქნება აშშ-ის ბაზარზე არსებულ Nissan-ის უახლეს მანქანებთან.

მანქანას ექნება მძღოლის დამხმარე ახალი სისტემები და თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, 400Z შეიძლება დაეფუძნოს უკანა წამყვანი თვლების მქონე Infiniti Q50-ისა და Q60-ის პლატფორმას. სპეციალური არქიტექტურის არშექმნის მიზეზი კი ის არის, რომ ასეთი მოდელების გაყიდვების მაჩვენებელი შედარებით დაბალია და ფინანსური თვალსაზრისით გამართლებული არ არის.

ბევრ ავტომოყვარულს აინტერესებს, რომელი ძრავა ჩაანაცვლებს 332 ცხენის ძალის მქონე 3.7-ლიტრიან V6-ს; როგორც ჩანს, პასუხი ამ შემთხვევაშიც Infiniti-ში უნდა ვეძებოთ: 3.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6. Q60-ში ის 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 100 კმ/სთ სიჩქარეს კი დაახლოებით 5 წამში ავითარებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ 400Z უფრო მსუბუქი იქნება, შეიძლება, უფრო სწრაფიც იყოს. AWD ბიძაშვილისგან განსხვავებით, Z მანქანას უკანა წამყვანი თვლის სისტემა ექნება; სავარაუდოდ აღიჭურვება ორმაგი გადაბმულობის ავტომატური ტრანსმისიით, რომელიც ძრავასა და უკანა ღერძს შორის განთავსდება. შესაძლოა, მწარმოებელმა შემოგვთავაზოს მექანიკური გადაცემათა კოლოფიც.

Nissan-მა 3.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 ძრავა უკვე გაგვაცნო 2018 წლის SEMA-ს შოუზე, როდესაც Project Clubsport 23 წარმოგვიდგინა. 370Z-ის რბოლაზე ფოკუსირებულ ვერსიას აქვს 400 ცხენის ძალა.

400Z-მა შეიძლება Nismo-ც იხილოს, 500 ცხენის ძალით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ხშირად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. მანამდე კი, შეგიძლიათ სტატიაში მოცემული შთამბეჭდავი რენდერებით დატკბეთ, რომლებიც დიზაინერმა გიიომ ლერუჟმა შექმნა.