Nissan-მა ბრენდის ახალი და Z სპორტული მანქანის ლოგოები დაარეგისტრირა

11 0

ინტერნეტში Nissan-ის ორი ახალი დამაინტრიგებელი სავაჭრო ნიშანი გამოჩნდა, რომლებიც კომპანიის ახალ ლოგოსა და Z სპორტული მანქანის ლოგოს ასახავს.

Nissan-ის ბრენდის ახალი ლოგო, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა გაერთიანებულ სამეფოში, ჩილეში, არგენტინაში, პერუსა და ურუგვაიში; არის გაცილებით უფრო მინიმალისტური, ვიდრე ამჟამინდელი ლოგო. შედგება მარტივი ორგანზომილებიანი დიზაინისა და შავი ტექსტისგან.

ბოლო წლებში მარტივი 2D ლოგო სხვა მრავალმა კომპანიამაც შემოიღო, მათ შორის არიან Google, BMW და Volkswagen-ი. ამ ეტაპზე უცნობია, Nissan-ი ახალ ლოგოს ონლაინ ბრენდირებისთვის გამოიყენებს, როგორც ამას BMW აკეთებს თავის გამჭვირვალე ლოგოს შემთხვევაში თუ ახალ ლოგოს Nissan-ის სამომავლო მოდელებზე ემბლემის სახით ვიხილავთ.

რაც შეეხება Z ემბლემას, ის დარეგისტრირდა კანადასა და ახალ ზელანდიაში და აქვს ასევე მარტივი, მონოქრომული დიზაინი. თუკი 370Z-ში გამოყენებულ Z ემბლემას შევადარებთ, ახალი ემბლემა განსხვავდება ფონტითაც და როგორც გამოცემა Motor Trend- შენიშნავს, ამ მხრივ ჰგავს Datsun 240Z-ში, 260Z-სა და 280Z-ში გამოყენებულ Z-ს.

უკვე წლებია, ვრცელდება ხმები Nissan-ის ახალი Z სპორტული მანქანის შესახებ და თუკი გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, ასეთ მანქანაზე მუშაობა მართლაც მიმდინარეობს. ავტომობილს შეიძლება 400Z ეწოდოს და აღიჭურვოს ორმაგი ჩაბერვის 3.0-ლიტრიანი V6 ძრავით, რომელსაც 400 ცხენის ძალა ექნება. სავარაუდოდ, ეს ძრავა სტანდარტის სახით შეწყვილდება ცხრასიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან, მაგრამ ასევე ხელმისაწვდომი იქნება ექვსსიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია.

რაც შეეხება ვიზუალს, დადის ხმები, რომ 400Z-ს შეიძლება ჰქონდეს რეტრო დიზაინი და 240Z-ის მსგავსი წინა ბამპერი. თუ ეს მართალია, ამ მოდელს ახალი ლოგო მართლაც მოუხდება.