Gulf-ის ფერების Porsche 917K სტივ მაკ-ქუინის ფილმიდან „ლე მანი“, 16$ მილიონად გაიყიდება

292 0

როდესაც სტივ მაკ-ქუინის სახელი გესმით, ალბათ წარმოგიდგებათ სცენა ფილმიდან „ბულიტი“, რომელშიც ის სან-ფრანისკოს ქუჩებში Ford Mustang 390 GT-ით დაქრის. თუმცა, მაკ-ქუინს „ბულიტში“ როლის შესრულებამდეც სურდა სარბოლო თემატიკის ფილმის გადაღება, რადგან დიდად იყო გატაცებული მოტორსპორტით.

1960-იან წლებში მაკ-ქუინმა მუშაობა დაიწყო ფორმულა ერთის სარბოლო ჟანრის ფილმზე „ჩემპიონის ერთი დღე“, მაგრამ საბოლოოდ, პროექტი ჩავარდა. „ბულიტის“ შემდეგ, მისმა ოცნებამ სარბოლო ფილმის გადაღების შესახებ, ფრთები შეისხა 1971 წლის ფილმით „ლე მანი“. სამწუხაროდ, ფილმს ფინანსური წარუმატებლობა ხვდა, მაგრამ დღემდე საკულტო კლასიკად რჩება მოტორსპორტის ფანებში, რადგან ძლიერი სარბოლო სცენები დღემდე აქტუალურია.

ფილმში გადაღებული ერთ-ერთ მანქანას მალე აუქციონზე გაიტანენ.

ეს გახლავთ Porsche 917K — თავდაპირველი 917-ის მოკლეკუდიანი, იგივე Kurzheck ვერსია, რომელიც Gulf-ის სახელგანთქმულ სარბოლო ფერებშია გადაწყვეტილი. იმისათვის, რათა ფილმი რაც შეიძლება ავთენტური ყოფილიყო, „ლე მანში“ გამოყენებული Porsche 917K რეალური სარბოლო მანქანა იყო და არა ფილმისთვის დამზადებული ასლი, როგორც ეს Ford GT40-ისა და Ferrari 275 GTB-ის შემთხვევაში იყო ჰოლივუდის ფილმში Ford V. Ferrari.

მაკ-ქუინის ფილმში გამოჩენამდე, ეს Porsche 917K 1970 წლის ლე მანის 24 Hours-ში მონაწილეობდა. მას დევიდ ჰობსი და მაიკ ჰეილვუდი მართავდნენ, მაგრამ წვიმაში, 49-ე წრეზე მომხდარი შეჯახების შემდეგ მოხსნეს.

ფილმის შემდეგ, მოდელი Porsche-მ შეაკეთა და 917 Spyder-ის ფორმა მისცა. ამის შემდეგ მან კიდევ სამ სეზონში მიიღო მონაწილეობა და თან საკმაოდ წარმატებით, 1974 წელს კი რბოლებიდან კვლავ მოხსნეს.

2012 წელს, ამ სახელგანთქმულ Porsche-ს ლე მანის კუპეს თავდაპირველი სპეციფიკაციები დაუბრუნეს, კვლავ Gulf-ის სარბოლო ფერებში შეღებეს და 5.0 ლიტრიანი ატმოსფერული 12-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავით აღჭურვეს, რომელიც 580 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

სრულად აღდგენილი სარბოლო მანქანა აგვისტოში, მონტერეიში, სოთბის აუქციონზე გავა. 1970 წლის Porsche 917K სავარაუდოდ 16-18,5 მილიონ დოლარად გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს 14 მილიონ დოლარად გაიყიდა კიდევ ერთი 917K, რომელსაც ფილმში სტივ მაკ-ქუინი მართავდა.

შარშან, Ford Mustang-ი, რომელსაც მაკ-ქუინი „ბულიტში“ მრთავდა, 3,74 მილიონ დოლარად გაიყიდა.